2010-04-17

თსუ-ს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეწვია

17 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი, სამინისტროს დელეგაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, საქართველოს ელჩი სომხეთში გრიგოლ ტაბატაძე, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი.
თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ სტუმრებს გააცნო თსუ-ის, ქართულ-სომხური სამეცნიერო ურთიერთობების, თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის ისტორია. მოეწყო შეხვედრა სომხურენოვან სტუდენტებსა, სომხური სკოლებისა და სომხური სათვისტომოს სხვა წარმომადგენლებთან.
სომხეთის განათლების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თსუ-ის არმენოლოგიის კათედრა რაოდენობრივად უფრო გაიზრდება, რისთვისაც სომხეთიდან სომხურენოვანი სახელმძღვანელოებს გამოაგზავნიან. აგრეთვე, თსუ-ში ლექციებს წაიკითხავენ ლექტორები სომხეთიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში არმენოლოგიის სკოლის შემდგომ განვითარებას. არმენ აშოტიანის თქმით, გასულ წელს სომხეთის განათლების სამინისტრომ საქართველოში არსებულ სომხურ სკოლებს 32 ათასი სახელმძღვანელო გამოუგზავნა. დაგეგმილია სომხურენოვანი მასწავლებლების გადამზადება, ამუშავდება ახალი პროექტები.
თსუ-ის რექტორის გიორგი ხუბუას განცხადებით, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილია ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომლის შედეგადაც გამოიცემა ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიის სახელმძღვანელო. მაისის დასაწყისში კი ერევნის უნივერსიტეტთან ერთობლივი კონფერენციის ჩატარებაა დაგეგმილი. ამ კონფერენციაზე საფუძველი ჩაეყრება საქართველოსა და სომხეთს შორის ინსტიტუციონალურ ურთიერთობებს.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია სტუმრებსა და თსუ-ის არმენოლოგიის კათედრისა  და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან.
თსუ-ის არმენოლოგიის კათედრა 1922 წელს დაარსდა, რომელსაც სათავეში უნივერსიტეტის პროფესორი ლ. მელიქსეთ-ბეგი ჩაუდგა. თავის დროზე სომხეთის ისტორიისა და სამართლის კურსებს თავად ივ.ჯავახიშვილი, ხოლო ძველსა და ახალ სომხურ ენებს  _ დ. ყიფშიძე და ა.შანიძე კითხულობდნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე