ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორმა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. მისი თქმით, ესტატე ხმალაძე აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „უნივერსიტეტში ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდია არის დანიშნული. ბევრი მაგისტრანტი უკვე გახდა მისი სახელობის სტიპენდიატი. ბატონი ესტატე ბევრ სტუდენტს უწყობს ხელს, რომ მიიღონ მაღალი დონის განათლება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში, ცენტრებში. კონფერენციაზე ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენებებია წარმოდგენილი, ძალიან კარგი თემატიკაა და იმედია, მასში მონაწილე მეცნიერებში დიდ ინტერესს გამოიწვევს,“ - განაცხადა
გიორგი შარვაშიძემ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში მოღვაწე მსოფლიო რანგის მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ომარ ფურთუხიას თქმით, კონფერენცია ქართულ მეცნიერებას სასიკეთოდ წაადგება. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მათემატიკოსის სიცოცხლეშივე აღინიშნება მისდამი მიძღვნილი კონფერენცია. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან და ყველა წამყვანი მათემატიკური ცენტრიდან არიან სტუმრები, მოწვეული მომხსენებლები, რომლებიც ამ სფეროში არსებულ ახალ შედეგებს გააცნობენ დამსწრე საზოგადოებას,“ - აღნიშნა
ომარ ფურთუხიამ.
„თბილისში კონფერენციაზე ასეთი რანგის მეცნიერები რომ ჩამოვიდნენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც მე მსოფლიოში ბევრგან მინახავს, ახლა აქ არიან, თბილისში. ერთკვირიანი ღონისძიება დატვირთულია აქტუალური სამეცნიერო მოხსენებებით,“ - განაცხადა
ესტატე ხმალაძემ.
პროფესორი ესტატე ხმალაძე ნაყოფიერად თანამშრომლობს თსუ-სთან. ის აქტიურად ეძებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და აგზავნის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით. იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ აგზავნის თანამედროვე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს, მათ შორისაა ჟურნალები: “Annals of Probability”, “Annals of Statistics” და “Applied Probability”. პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დაარსა თავისივე სახელობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისათვის და ფაკულტეტს უკვე ყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან.
თსუ-ს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტი-კული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის პროფესორი ესტატე ხმალაძე 2015 წელს დაჯილდ-ოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით.