2018-10-29

შეხვედრა თსუ ინგლისურენოვანი პროგრამის - „მედიცინა“ სტუდენტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე 11 ქვეყნიდან 150-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. სტუდენტებთან შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.        
 
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მისასალმებელია, რომ უცხოენოვან სტუდენტებს აქვთ საშუალება ისეთი საუნივერსიტეტო განათლება მიიღონ, რომელიც მსოფლიოში იქნება აღიარებული. „3 კონტინენტის, 12 ქვეყნიდან გვყავს სტუდენტები. რიცხვი მზარდია, შესაბამისად, ჩვენ ვზრდით პოტენციალს, რომელიც ამ სტუდენტების მომსახურებას სჭირდება. უამრავი ხელშეკრულება გვაქვს დადებული კლინიკებთან და ბევრი მათგანი საბაზისო საუნივერსიტეტო კლინიკაც გახდა. ძალიან დიდი ტრადიციები გვაქვს, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი ცნობილი კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც ასევე დაკავშირებულია სამედიცინო მიმართულებასთან,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა. მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი კლინიკის გახსნას გეგმავს.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა პროგრამის „მედიცინა“ იმ გამოწვევებს, რაც აღნიშნულ პროგრამაზე სწავლას ახლავს და იმ სერვისებს, რასაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს. „ეს ახალი ინიციატივაა. პირველკურსელებთან ერთად, შეხვედრას მეორეკურსელები და სტუდენტები მოსამზადებელი ფაკულტეტიდან ესწრებოდნენ, მათ შორის 15 სტუდენტი იორდანიიდან, რომლებიც მედიცინის ფაკულტეტზე სწავლას გეგმავენ. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ბევრი უნდა მოვაწყოთ, სტუდენტებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ უნივერსიტეტის შიგნით, სტუდენტურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის, უნდა ვიზრუნოთ, რომ როდესაც ისინი თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან, წარსდგენენ არა მარტო როგორც კარგი ექიმები, არამედ საქართველოს ღირსეული ელჩები,“ - განაცხადა დეკანმა.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ამერ ხალაფის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მეგობრებისგან შეიტყო და გადაწყვიტა მედიცინის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა გადავწყვიტე, იმიტომ რომ ყველაზე კარგი უნივერსიტეტია თბილისში. დაახლოებით 5 თვეა ჩამოვედი მამაჩემთან ერთად, ვნახე ეს უნივერსიტეტი და გადავწყვიტე აქ მესწავლა,“ - აღნიშნა სტუდენტმა.

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტი შოუგ ელზიუდი იორდანიიდან არის  და თსუ-ში აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების ენების მოსამზადებელ პროგრამაზე სამედიცინო ინგლისურს სწავლობს. მისი თქმით, თსუ ყველაზე ძველი და  პრესტიჟული უნივერსიტეტია საქართველოში და სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა. „თსუ მედიცინის ფაკულტეტი ნამდვილად შესანიშნავია, არაჩვეულებრივი პროფესორებით. იორდანიაში გვაქვს ოფისები, რომლებიც გვირჩევენ, სად შეგიძლია ისწავლო. სწორედ ოფისმა გამიწია რეკომენდაცია, მესწავლა თსუ-ში. თსუ-ში იციან რა გინდა, ითვალისწინებენ, რომ ხარ უცხოელი და გჭირდება დახმარება. მიყვარს ეს უნივერსიტეტი,“ - აღნიშნა აბიტურიენტმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება, 7 ფაკულტეტზე 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს, მათ შორის 20-ზე მეტი უცხოენოვანი პროგრამა,  და 22 ათასამდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.







Print

« იხ. ყველა სიახლე