2010-03-18

თსუ-ის და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლობის მემორანდუმი

     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის                     ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის მიხედვით 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრაქტიკული კურსების გავლა გახდება შესაძლებელი.  ბიუროში სტაჟირება სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და თეორიული ცოდნის პრაქტიკული განხორციელების გზები შეისწავლონ.
     თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა ბაჩანა შენგელიამ მოაწერეს ხელი.
     “ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტი, რადგანაც მე თსუ-ის კურსდამთავრებული ვარ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასულ წელს თავისთან სახელმწიფო უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი მიიწვია, აქედან ყველაზე წარმატებული სტუდენტები ბიუროში უკვე დასაქმდნენ. ჩვენ დაინტერესებული ვართ პროფესიული კადრების მოძიებით და მსაგვსი მემორანდუმის ფარგლებში ბიუროში სტუდენტების საუკეთესო ნაწილი ხვდება”, - აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრისას ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა.
      “თანამშრომლობის მემორანდუმი არამარტო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას, არამედ დასაქმების სერიოზულ პერპექტივასაც იძლევა.  ჩვენ ვიცით თუ რა მოთხოვნები არსებობს დღეს დასაქმების ბაზარზე და ამ მოთხოვნებს ყოველთვის ვითვალისწინებთ”, - განაცხადა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.
     შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, თსუ-ს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის 2009 წლის 6 აპრილს პირველი გაფორმებული მემორანდუმის შედეგებზეც იმსჯელეს. 2008-2009 სასწავლო წლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში კლინიკის ფარგლებში პრაქტიკა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტების ორმა ნაკადმა გაიარა. საერთო ჯამში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი დაეუფლა, აქედან 4 წარმატებული სტაჟიორი 2009 წელს აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღმასრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე