ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონურ-ქართული პროექტის
„TSU School of Entrepreneurship“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსში, რომლის მიზანიც სტუდენტებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება იყო, სამი გამარჯვებული გუნდი საგანგებო ჟიურიმ გამოავლინა.
პროექტის ფინალში 12 გუნდიდან ნახევარფინალში გასული 6 გუნდი მონაწილეობდა. მათ მიმდინარე წლის აპრილში ერთკვირიანი სტაჟირება გაიარეს ესტონეთის სხვადასხვა კომპანიაში და ბიზნესის განვითარების თეორიული ცოდნა ესტონური გამოცდილების მაგალითზე გაიღრმავეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილის მფლობელი C-Group გახდა, მეორე ადგილზე ჯგუფი MyCake გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ჯგუფმა Part-time.ge-მა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. დამსწრე საზოგადოების ფავორიტ გუნდად C-Group დასახელდა.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა და ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
პრიიტ ტურკი ესწრებოდნენ.
„თსუ-ს მეწარმეობის სკოლა საკმაოდ წარმატებული ესტონური წარმომავლობის პროექტია. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ ჩამოეყალიბებინათ სხვადასხვა ბიზნეს იდეა და შეექმნათ საკუთარი პროექტები. ეს ინიციატივა სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეაფასონ საკუთარი თავი, პრაქტიკულად გამოიყენონ ის ცოდნა რომელიც მიიღეს უნივერსიტეტში და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში“, - აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის
თეა გერგედავას თქმით,
„თსუ სამეწარმეო სკოლა არის პროექტი, რომელიც ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით. პროექტს სრულად აფინანსებს ესტონური მხარე და მისი მიზანია თსუ სტუდენტებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება.“
პროექტი „TSU School of Entrepreneurship“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის დეკემბრიდან, ესტონურ კომპანია „BDA Consulting“-თან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ტრენინგ–პროგრამების საშუალებით, მცირე ბიზნესის გასავითარებლად თსუ-ს სტუდენტების მომზადება.