2017-10-17

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტთა წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის  დეპარტამენტის სტუდენტებმა პავლე წოწკოლაურმა (საბაკალავრო პროგრამა) და გიორგი კაპანაძემ (სამაგისტრო პროგრამა) XXII საერთაშორსო სემინარ/ვორქშოფზე „პირდაირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტური და აკუსტიკური ტალღების თეორიაში - DIPED-2017 საუკეთესო ახალგაზრდა მომხსენებლების დიპლომები დაიმსახურეს.

ღონისძიება ორგანიზებულია ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საერთაშორისო ინსტიტუტის (IEEE) დასავლეთ უკრაინისა და საქართველოს განყოფილებების მიერ და ყოველწლიურად მონაცვლეობით ტარდება ამ ქვეყნებში. წელს კონფერენცია  ჩატარდა  ქალაქ დნიპროში (უკრაინა), დნიპროს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც განთქმულია კოსმონავტიკაში საინჟინრო პროექტებით. 

თსუ სტუდენტების მოხსენებები ეფუძნებოდა  2017 წელს თსუ-ს მიერ სტუდენტური კვლევითი პროექტების მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული  პროექტის კონცეფციას და ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ექსპედიციის შედეგებს. სტუდენტური კვლევითი პროექტი ითვალისწინებდა კავკასიის ტექტონიკური რღვევების მდგომარეობის დაკვირვებითი ქსელის შექმნას და ამ პრობლემის გარშემო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების სტუდენტთა გაერთიანებას. ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა პირველი გაზომვები ახალდაბაში, აბასთუმანში და ახალქალაქში. დაკვირვებითი ქსელის ელექტრონული აღჭურვილობა დამზადდება თსუ-ში.







Print

« იხ. ყველა სიახლე