ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში თსუ-მ გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის 13 წამყვანი უნივერსიტეტის 23 წარმომადგენელს უმასპინძლა.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია. „ევროკავშირის გაცვლითი პროგრამების მიმართ ინტერესი რომ ძალიან დიდია, ამას მოწმობს პერსონალის საერთასორისო კვირეული. საქართველოში ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამებისა და მასში მონაწილე სტუდენტების რაოდენობით თსუ ლიდერია და იმედია, მომავალში მათი რიცხვი გაიზრდება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას ინფორმაციით, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თსუ-ში იმ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებთანაც თსუ-ს გაცვლითი პროგრამები აქვს. „პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მიზანია პარტნიორებს ჩვენი შესაძლებლობები უკეთესად გავაცნოთ. ასევე, გავეცნოთ მათ შესაძლებლობებს, განვიხილოთ არსებული თანამშრომლობის გაფართოების ან ახალი მიმართულებებით თანამშრომლობის პერსპექტივები,“ - აღნიშნა თეა გერგედავამ.
თსუ 2015 წლიდან ერაზმუს პლუსის 182 პროექტს ახორციელებს ევროპის 26 ქვეყნის 85 უნივერსიტეტთან. ბოლი 3 წლის განმავლობაში თსუ-ის 1146 სტუდენტმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სრულად დაფინანსებულ მობილობაში მიიღო მონაწილეობა.
პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ევროკავშირის პროექტის ერაზმუს + საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ მათი ორგანიზაციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
საერთაშორისო კვირეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს მესამედ ტარდება.