2019-03-28

ცერნის მასტერკლასები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც ორგანიზებული იყო  ნაწილაკების ფიზიკის პოპულარიზაციის საერთაშორისო ჯგუფის (IPPOG) მიერ  ბირთვული კვლევების ევროპულ  ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით. მასტერკლასებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები და უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ბაკალავრიატის I-II კურსის სტუდენტები. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორი გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და  მისი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი (თსუ მეფი).  ორივე დღეს, 14 და 26 მარტს CERN-დან განხორციელდა ვიდეო ჩართვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ATLAS საერთაშორისო თანამშრომლობის წევრებმა - ქართველმა ფიზიკოსებმა, ATLAS ექსპერიმენტში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა  ირაკლი მინაშვილმა და ATLAS თანამშრომლობის წევრმა ნუგზარ მოსულიშვილმა. მათ მასტერკლასების მონაწილე მოსწავლეებს გააცვნეს CERN-ის მთავარი მიზნები და გამოწვევები. 
ეს საერთაშორისო მასტერკლასები საშუალო სკოლის მე-10-12 კლასების მოსწავლეებს და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების I-II კურისის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ერთი დღის განმავლობაში თავი შეიგრძნონ ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით მომუშავე ფიზიკოსებად, ცერნის დიდი ადრონული ამაჩქარებლის (LHC)  მეშვეობით მიღებული რეალური ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის საშუალებით. ამ ყოველწლიური პროგრამის მთავარი იდეა  მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა იმუშაონ როგორც რეალურმა მეცნიერებმა რამდენადაც ეს შესაძლებელია. მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა და 200-ზე მეტი უნივერსიტეტი/სამეცნიერ ცენტრი.  ეს პროგრამა,  15-19 წლის  ასაკის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ამოხსნან ნაწილაკების ფიზიკის საიდუმლოებები.
ღონისძიების ფარგლებში, ATLAS ექსპერიმენტში მონაწილე თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა: გელა დევიძემ, არჩილ დურგლიშვილმა, თამარ ჯობავამ, თამარ ზაქარეიშვილმა და ბაქარ ჩარგეიშვილმა მასტერკლასების მონაწილეებს წაუკითხეს ლექციები მატერიის და ფუნდამენტური ძალებისა და მათი გამოკვლევების მეთოდების შესახებ.  მონაწილეები გაეცნენ თუ რა საიდუმლოებებს მოიცავს ნაწილაკების ფიზიკა და როგორ ცდილობს  დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS ექსპერიმენტი ამოხსნას ეს საიდუმლოებები. ლექციებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე, მასტერკლასების მონაწილეებმა თავად შესძლეს დაემუშავებინათ დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS ექსპერიმენტში პროტონების დაჯახების შედეგად დაგროვებული რეალური ექსპერიმენტული მონაცემები, რომლებიც ATLAS -მა ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით.  მოსწავლეებმა თავად გამოიკვლიეს პროტონების შიდა სტრუქტურა და აღმოაჩინეს სხვადასხვა ელემენტარული ნაწილაკები (W და Z ბოზონები). ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო ჰიგსის ბოზონების ძიება - მათზე ნადირობა. ATLAS  ექსპერიმენტის ფიზიკოსებმა რეალური  ჰიგსის კანდიდატების შემთხვევები გახადეს ხელმისაწვდომი  სტუდენტებისათვის და მოსწავლეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თვალი გაადევნონ ამ იშვიათ და ძალიან მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე ნაწილაკს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ახალგაზრდები ეზიარნენ ნაწილაკების ფიზიკის თვალით დანახულ მომხიბლავ სამყაროს. მათ ერთი დღის განმავლობაში თავი შეიგრძნეს რეალურ მეცნიერებად. 
 14 და 26 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელურად მასტერკლასები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც. ღონისძიების ყოველი დღის დასასრულს, მსგავსად საერთაშორისო თანამშრომლობაში (კოლაბორაციაში) მონაწილე მეცნიერებისა, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მონაწილეები ცერნის მოდერატორებთან ერთად ერთმანეთს დაუკავშირდნენ ვიდეო კონფერენციის საშუალებით. 14 მარტს ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაცია (ცერნი), შვეიცარია; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმინდა რადბოდ უტრეხტელის სახელობის ნეიმეგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); გენუის უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი და  ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის გენუის განყოფილება (იტალია); ბრაგანცის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია) და ოსლოს უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი (ნორვეგია), ხოლო 26 მარტს მონაწილეობდნენ: ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაცია (ცერნი), შვეიცარია; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორია, ორსე (საფრანგეთი); ვალენსიის უნივერსიტეტი, კორპუსკულარული ფიზიკის ინსტიტუტი (ესპანეთი); ბერნის უნივერსიტეტი,  მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორია (შვეიცარია). 
ვიდეო კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა  განიხილეს მიღებული შედეგები, საინტერესო დისკუსიის და ცერნის მოდერატორების  მიერ დასმული კითხვების შეჯერება/ შეჯამების  შედეგად  მოხდა მასტერკლასებში მონაწილე უნივერსიტეტებში მიღებული შედეგების გაერთიანება, ჩატარდა ვიქტორინა. ორივე დღეს, ვიდეო კონფერენციების დასრულების შემდეგ მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ საერთაშორისო მასტერკლასებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
საერთაშორისო მასტერკლასებში მონაწილეობა მიიღეს  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა  სხვადასხვა სკოლებიდან და  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტებმა.
საერთაშორისო მასტერკლასებში მონაწილეობა მიიღეს:    
თბილისის 141-ე საჯარო სკოლა (პედაგოგი ლია შველიძე) 
თბილისის I კლასიკური გიმნაზია  (პედაგოგი მაია აფხაიძე)
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-Gess
თბილისის მე-20 საჯარო სკოლა (პედაგოგი თამარ ხუჭუა)  
თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა (პედაგოგი ინდირა ნატრიაშვილი)
თბილისის 166-ე საჯარო სკოლიდა (პედაგოგი გალინა ქადაგიშვილი)
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლა (პედაგოგი დავით ნატრიაშვილი)

Print

« იხ. ყველა სიახლე