8 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია სახელწოდებით “Material Science Days” გაიხსნა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულება კონფერენციას მასალათმცოდნეობის დარგში მართავს, რომელიც ვერსალის უნივერსიტეტის “კონდენსირებული მასალების კვლევის ლაბორატორიასთან” ერთად ტარდება.
გასული წლის ნოემბრის თვეში სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვერსალის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებული კონფერენციის მიზანი ქართველი და ფრანგი მეცნიერების გაცნობა, თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელი ფიზიკოსებიც იღებენ მონაწილეობას. მსმენელის წინაშე 50 მომხსენებელი წარსდგება, მათგან საუკეთესო კი, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. კონფერენციის სპონსორია საფრანგეთის საელჩო საქართველოში. კონფერენციის გახსნის ცერემონიალს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ. “მსგავსი მჭიდრო თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სამომავლოდ ახალი იდეების ხორცშესხმას შეუწყობს ხელს, რაც სამეცნიერო და აკადემიურ მუშაობას უფრო დინამიურსა და ეფექტურს გახდის”, – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
ორდღიანი კონფერენცია 10 ივლისს დასრულდება.