2020-09-07

ქართულ-გერმანულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: „გლობალური პროფესიული უნარები - ლიდერობა და დასაქმების შესაძლებლობები“ ონლაინ რეჟიმში გაიხსნა

2020 წლის 4 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიხსნა და 12 სექტემბერამდე გაგრძელდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „გლობალური პროფესიული უნარები - ლიდერობა და დასაქმების შესაძლებლობები“, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გარდა მონაწილეობენ კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის უნივერსიტეტის, ბაქოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტის საერთო ხელმძღვანელია პროფესორი მაგდალენა შტულბი, თანახელმძღვანელი პროფესორი გაბრიელა ვოლფი, ხოლო კოორდინატორი სვენ ბინდერი. საქართველოს მხრიდან პროექტს კოორდინაციას უწევს უჩა გოგრიჭიანი.
საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებულია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მეცადინეობებიც. ამ მიზნით, სამივე მონაწილე ქვეყანაში წინასწარ შეირჩა ბიზნეს კომპანიები ჯანდაცვის, სპორტისა და მრეწველობის სფეროდან. საქართველოს მხრიდან საზაფხულო სკოლის პროექტის პარტნიორები გახდნენ: 
1.  სტომატოლოგიურმა კლინიკა „მედი დენტ პლუსი“ (ხელმძრვანელი თამარ დოლიძე); 
2.  საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ (ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი) და 
3. საქართველო-ისრაელის ერთობლივი კომპანია „ნეტაფიმ ჯორჯია“ (ხელმძღვანელი აჰარონ გაგულაშვილი) რომელიც წარმატებითაა დასაქმებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სარწყავი სისტემების წარმოების საქმეში.
საზახულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური. დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აღვნიშნავია, რომ ქართულ-გერმანულ-აზერბაიჯანული საზაფხულო სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტის მონაწილეობით უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და მონაცვლეობით, ხან თბილისში და ხან ბაქოში ტარდება. 2017 და 2018 წლებში აღნიშნულ სკოლას თემაზე „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ მასპინძლობას უწევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2019 წელს სკოლა ჩატარდა ბაქოში, სადაც თსუ სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. წელს კორონა პანდემიის გამო, პირველად ტარდება დისტანციურად. 
მომავალი წლისთვის ასევე იგეგმება ტრადიციის გაგრძელება და თანამშრომლობის გაღრმავება.

Print

« იხ. ყველა სიახლე