ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის
„კომპიუტერული მეცნიერებების“ 8 კურსდამთავრებულს დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, ფრანგული უნივერსიტეტებიდან ჩამოსული პროფესორები, თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„ჩვენი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორების საერთშორისო პროგრამებში ჩართვას. დღეს ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის მერვე გამოშვებას გადავეცით ორმაგი ხარისხის დიპლომები. ტრადიციამ გაამართლა. ქართულ-ფრანგული დიპლომი ჩვენს სტუდენტებს შემდგომი წარმატების შანსს აძლევს. თსუ მომავალშიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს წარმატებული მომავლის შექმნაში.“
„მნიშვნელოვანია, რომ თსუ სტუდენტებს საშუალება აქვთ კომპიუტერულ მეცნიერებებში განათლება ფრანგულ ენაზე მიიღონ. მათ ლექციებს ფრანგი ლექტორები უკითხავენ. ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს საკმაოდ დიდი შანსი აქვთ მაგისტრატურაში სწავლა საფრანგეთში გააგრძელონ,“- აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშემ
ჟილ კარასომ.
„ამ პროგრამაზე სწავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საშუალება მომეცა საქართველოში მესწავლა უცხო ენაზე, გვასწავლიდნენ ფრანგი ლექტორები. ორმაგი ხარისხის დიპლომი კი მაძლევს შანსს უცხოეთში გავაგრძელო სწავლა,“- განაცხადა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა
ანანო ყიფიანმა.
ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა თსუ-ში 2008 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი ხარისხის დიპლომი: უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ინფორმატიკის ბაკალავრის (ლისანსის) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი. პროგრამა რეგიონული მასშტაბით (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი-უკრაინა) ითვალისწინებს სტუდენტთა სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში სწავლის გაღრმავების, სამეცნიერო კვლევითი ქსელის განვითარებისა და ინფორმატიკის მაღალი ხარისხის დამკვიდრების მიზნით. საბაკალავრო პროგრამა ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ არის აკრედიტირებული. სწავლებას ქართველ და ფრანგ მასწავლებელთა შერეული გუნდი ახორციელებს. ლექციები მთავარი, სალექციო და პრაქტიკული კურსებისგან შედგება.