ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომის “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ალბომი დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა და გამოიცა. მასში წარმოდგენილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მასალები - საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების მომზადების პროცესი და ხარჯთაღრიცხვა, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია, ასევე არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები და არჩეულ პირთა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები; ასევე, მოცემულია 1921 წლის იანვარ-თებერვალში დაწყებული თვითმმართველობების ახალი არჩევნების სამზადისის შესახებ ინფორმაცია.
პრეზენტაციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, IFES - ის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ალბომში დემოკრატიულობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტია მოცემული 1918-1921 წლებში არსებული ვითარების შესახებ. მსოფლიოში პირველად, 1918 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მაზრაში აირჩიეს მუსლიმი ქალი. სწორედ ასეთი მაგალითები ადასტურებს იმას, რომ იმდროინდელ დემოკრატიულ საქართველოში გენდერული და რელიგიური თავისუფლება განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ
ნინო ოკრიბელაშვილმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, ალბომში აღწერილი საარჩევნო პროცესი ნათლად ასახავს არჩევნებში ევროპული ღირებულებების ისტორიას. „ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემის პრეზენტაცია გვაქვს. ეს არის წიგნი, რომელიც დემოკრატიულ საქართველოს რესპუბლიკაში პირველი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებს ასახავს,“ - აღნიშნა
თამარ ჟვანიამ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ ალბომის ერთ-ერთი ავტორის, თსუ ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ირემაძის ინფორმაციით, ალბომში მოცემულია 46 სხვადასხვა დამოუკიდებელი არჩევნების შესახებ მასალები. „ალბომში მკითხველი გაეცნობა უნიკალურ ფაქტებს, აღწერილია როგორ ტარდებოდა არჩევნები, ვინ იღებდა მონაწილეობას ამა თუ იმ არჩევნებში და რას წარმოადგენდნენ უკვე არჩეული ხმოსნები თუ გამგეობები, რომლებიც ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მაზრაში,“ - განაცხადა
ირაკლი ირემაძემ.
ქართულ-ინგლისურენოვანი ალბომის ავტორ-შემდგენლები არიან ირაკლი ირემაძე და სალომე ჭანტურიძე; მთარგმნელი: ქრისტინა თოლორდავა, რედაქტორები: ზურაბ გაიპარაშვილი (ქართული ტექსტი), დავით ღონღაძე და ლელა ჯავახიშვილი (ინგლისური ტექსტი); დიზაინერი: ლევან ნოზაძე.