2017-07-03

კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა „კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM5). ღონისძიებაში მონაწილეობენ მეცნიერები გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩეხეთიდან, პორტუგალიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.

სიმპოზიუმის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და წარმატებული მუშაობა უსურვა. „სიმპოზიუმს 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი  და, გარკვეულწილად, ტრადიციად იქცა. 150-მდე მეცნიერია ჩამოსული არა მხოლოდ რეგიონიდან, არამედ ცნობილი მეცნიერები ევროპიდან და აზიიდან. ოთხი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საინტერესო მოხსენებები, რომელშიც განიხილება ფუნდამენტური მეცნიერების გამოყენებით ნაწილთან კავშირი. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში ჩართულია ბევრი სტუდენტი-დოქტორანტი, რომელიც აუცილებელია მეცნიერებისა და მომავლის კავშირის გასამყარებლად,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ღონისძიებაზე მეცნიერები ერთმანეთს გაუზიარებენ პოლიმერული მასალების დარგში მიღწევებს სამეცნიერო კვლევებში. მეცნიერებს ევროპიდან, აზიიდან, კავკასიის რეგიონიდან საშუალება ეძლევათ გააცნონ ერთმანეთს საკუთარი მიღწევები. ამავე დროს, ეს  საქართველოში განხორციელებულ სამეცნიერო კვლევების ერთგვარი პოპულარიზაციაა,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა ომარ მუკბანიანმა.

სიმპოზიუმის მიზანია მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ პოლიმერული მასალების დარგში სამეცნიერო კვლევების მიღწევები. ღონისძიება, რომელიც 4 დღეს გასტანს, მეცნიერებს მისცემს საშუალებას გააფართოვონ არსებული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის, რაც გულისხმობს ერთობლივი კვლევების წარმოებას, სტუდენტებისა და თანაშრომლების მივლინებებს ცოდნის გასაღრმავებლად.    

    





Print

« იხ. ყველა სიახლე