ბეჭდვა |/ დახურვა
 
2009-10-07

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების გამოფენა

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების გამოფენა
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემის 380 და პირველი ქართული სტამბის დაარსების 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში უძველესი ნაბეჭდი წიგნების გამოფენა გაიმართა. გამოფენა საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა უნიკალური წიგნები, მათ შორის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები, რომელიც 1629-1705 წლებში რომში დაიბეჭდა.
გარდა ამისა გამოფენაზე გამორჩეული ადგილი დაიკავა ვახტანგ VI სტამბაში დაბეჭდილმა (1709-1722 წწ.) უნიკალურმა წიგნებმა, რომელიც 1721-1800 წლებით თარიღდება.
გამოფენაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ წარმოადგინა ახლად მოწესრიგებული და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1907 წელს არის დაარსებული. ფონდში ამჟამად 17 000 წიგნი დაცულია, სისტემაში მოყვანის შემდეგ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
გარდა ამისა გამოფენაზე უნივერსიტეტის გამომცემლობამ საზოგადოებას ბოლო 1 წლის გამოცემები გააცნო, რომელიც სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას მოიცავს.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ გამოფენას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პარლამენტის წევრები და ოფიციალური პირები დაესწრნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე