2014-12-03

მოსწავლეთა მეორე კონფერენცია „ჩემი გარემო“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  3 დეკემბერს მოსწავლეთა მეორე კონფერენცია „ჩემი გარემო“ გაიმართა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის  „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში გამართულ კონფერენციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური,  გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი ესწრებოდნენ.
„დღეს უნივერსიტეტში გაიხსნა მეორე ახალგაზრდული კონფერენცია სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რომლის მიზანიცაა გავარკვიოთ, თუ როგორია ბავშვების ხედვა გარემოს გაუმჯობესების პრობლემებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ღონისძიება წარმატებული იქნება, ვინაიდან გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია და ბავშვები ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ თემით,“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც ემსახურება გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზებას, რაც ხელს უწყობს  ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას, ასევე აქტიურ ჩართულობას ყველა გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრის საკითხში“.
„გარემოს დაცვა  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს საუკუნეში, ამიტომ საჭიროა, მივიღოთ ახალი იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებული  პრობლემების მოგვარებას. დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევხვდეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან ჩართული  გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში, ვიმუშაოთ მათთან ერთად და განვავითაროთ ის იდეები, რომელიც იქნება სასარგებლო არამხოლოდ საქართველოს გარემოსთვის, ასევე გაეროსთვისაც“,-აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა.
პროექტის  „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში სკოლებში ეკო კლუბების მეშვეობით ხორციელდება გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა პროექტის 6 სამიზნე სკოლიდან ბორჯომის რაიონიდან, აგრეთვე, პარტნიორმა სკოლებმა გორისა და ზუგდიდის რაიონებიდან.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევები და პროექტები გარემოსდაცვითი კუთხით. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

Print

« იხ. ყველა სიახლე