ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე დაესწრო.
თსუ რექტორი სკოლის მოსწავლეებს მეოცე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე, იმ დროს არსებულ სირთულეებსა და დაარსებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა; გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამები, სწავლასა და კვლევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტს.
„ძალიან ცოცხალი და საინტერესო შეხვედრა იყო. ინიციატივა გამოიჩინა თავად სკოლამ - აღენიშნა უნივერსიტეტის დაარსების 100-წლისთავი. ცოტა ხნის წინ ხარაგაულში ვიყავით. უნივერსიტეტში მოქმედებს ძალიან საინტერესო პროექტი - თსუ დესპანი, როდესაც ჩვენი სტუდენტები ჩადიან თავის სკოლებში და მართავენ პრეზენტაციებს უნივერსიტეტზე, კითხულობენ ლექციებს. ასე, რომ დესპანების მეშვეობით ნამდვილად მოვიცავთ ბევრ სკოლას. ამჯერად, ქვემო ალვანის სკოლას ვეწვიეთ. გავაცანით მათთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, თუ რა არის საუნივერსიტეტო განათლება და მოვიწვიეთ ისინი უნივერსიტეტში,“-აღნიშნა
გიორგი შარვაშიძემ.
შეხვედრაზე ქვემო ალვანის სკოლის მოსწავლემ
ანა თავბერიძემ თსუ-ში სწავლის სურვილი გამოთქვა:
„მინდა რომ ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვიყო თსუ-ს სტუდენტი. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს იმისათვის, რომ გაგვაცნო უნივერსიტეტის შესაძლებლობები.“
თსუ რექტორმა ქვემო ალვანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები, ხოლო მოსწავლეები თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად მოიწვია.