2010-03-02
აკადემიკოსი და პოლიტოლოგი ლევან ალექსიძე სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა და აკადემიური საბჭოების გაერთიანებულ ღია სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის მიერ დადებული დოკუმენტი.
შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტოლოგები
და ექსპერტები დაესწრნენ. ლევან ალექსიძემ დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა.
აკადემიკოს
ლევან ალექსიძის მოხსენება
"ჰაიდი ტალიავინის მისიის მოხსენების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები" ამ კომისიის დოკუმენტის ორივე ტომში არსებულ სამართლებრივი თვალსაზრისით დადებით და სადაო საკითხებს ეძღვნება. კერძოდ, იმ დებულებებს, რომელიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
მოხსენება ყოველგვარი პოლიტიკური ელფერის გარეშე კომისიის დასკვნის წმინდა თეორიულ ანალიზს შეიცავს. ლევან ალექსიძის აზრით, "ტალიავინის კომისიის დასკვნა" თავისი შინაარსით წინააღმდეგობრივია. მასში მრავალი ორჭოფული პოზიციაა დაფიქსირებული, რომელიც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მიუღებელია. კერძოდ, ეს არა ფაქტების მოძიების კომისიის დასკვნაა, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ტრაქტატია, რადგან ის რეალობას კი არ ასახავს, არამედ, საერთაშორისო სამართლის თეორიულ საკითხებს ეხება; ფაქტები და შეფასებები არ არის შეჯერებული. თუნდაც ის, რომ დასკვნაში ასახული ფაქტები მოწმობენ რუსეთის აშკარა აგრესიაზე, თუმცა, კომისია ტერმინს "რუსეთის აგრესია" გაურბის. დასკვნაში ცალსახად არ არის დაფიქსირებული, თუ ვინ გაისროლა პირველად. ნათქვამია, რომ რუსული მხარის ინფორმაციით საქართველოს იერიშს 2 რუსი სამშვიდობო ემსხვერპლა. იქვე მითითებულია ქართული მხარის პოზიცია, რომ ცეცხლი მხოლოდ საპასუხო იყო. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ მისიას არ გააჩნია მხარეთა პოზიციების დამადასტურებელი მასალა. კომისიის დასკვნაში აღნიშნულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტები, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ასეთი ფაქტები ძირითადად რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ქართული აგრესიის წარმოსაჩენად დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს შემადგენლობაშია, თუმცა ის ფაქტობრივად დამოუკიდებელი ერთეულია და უნდა განიხილებოდეს, როგორც სხვა სახელმწიფოს ტერიტორია. თუმცა, კომისიის შემაჯამებელ დასკვნაში ცალსახადაა დაფიქსირებული და აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ლევან ალექსიძისთვის მიუღებელია ტალიავინის ცხრამეტკაციანი კომისიის შემადგენლობა, რადგან, მისი თქმით, მასში ისეთი პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც საკუთარი სუბიექტური პრორუსული აზრი ჯერ კიდევ კომისიის მუშაობის დაწყებამდე დააფიქსირეს. თუმცა, ფაქტების სიჯიუტის გამო მისია იძულებული გახდა მეტ-ნაკლებად ობიექტური დასკვნა მაინც წარმოედგინა. თავად ლევან ალესიძე კომისიის დასკვნის შეფასებისას არა მხარეთა მიერ მიწოდებულ, არამედ, დამოუკიდებელ, უცხოურ წყაროებს ეყრდნობა; მათ შორის ცნობილი იტალიელი პროფესორის, მრავალი საერთაშორისო ტრიბუნალის თავმჯდომარის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის
ანტონიო კასესეს დასკვნას, რომელსაც შეიცავს 2008 წლის 1 სექტემბერს გარდიანში გამოქვეყნებული სტატია –
“მგელი, რომელმაც შეჭამა საქართველო”,
“აგზავნიდა რა საქართველო სამხრეთ ოსეთში თავის ჯარებს, მას საერთაშორისო სამართლის არც ერთი ნორმა არ დაურღვევია". ალექსიძის მოხსენების მიზანი საზოგადოებისთვის "ტალიავინის კომისიის დასკვნის" არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების მიწოდება, არამედ დასკვნის სრულყოფილი თეორიული შეფასება და ურთიერთგამომრიცხავ ასპექტებში გარკვევაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე