ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-17

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სევილიის უნივერსიტეტს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სევილიის (ესპანეთი) უნივერსიტეტს შორის  12 დეკემბერს  ერაზმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში კონსორციუმის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და სევილიის უნივერსიტეტის რექტორმა ანტონიო რამირეს დე არელანო ლოპესმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის დაიწყება გაცვლითი პროგრამები.

ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს დელეგაცია შეხვდა სევილიის უნივერსიტეტის ფინანსებისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს. ხოლო სევილიის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან შეხვედრისას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ალექსანდრე ცისკარიძემ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე ისაუბრა.

13 დეკემბერს თსუ რექტორის სევილიაში ვიზიტის დროს, რამდენიმე უნივერსიტეტს შორის (თსუ, სევილიის უნივერსიტეტი, შარლემანის უმაღლესი სკოლა (ბელგია), გორის უნივერსიტეტი, ბელორუსის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტი, ტაჯიკეთის კომერციის უნივერსიტეტი, ტაჯიკეთის ტექნიკური უნივერსიტეტი) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ტემპუსის (TEMPUS) პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და ევროპის სამეზობლო სივრცეში“ ფარგლებში მოეწერა.

სევილიის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. იგი 1505 წელს  დაარსდა და  დღეისთვის ამ უნივერსიტეტში 80 ათასი სტუდენტი სწავლობს.  სევილიის უნივერსიტეტთან თსუ-მ აქტიური თანამშრომლობა 2 წლის წინ დაიწყო.

Print

« იხ. ყველა სიახლე