29 ივნისს ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ზაარლანდის უნივერსიტეტის დელეგაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ უმასპინძლა. დელეგაციას ზაარბრუკენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ფოლკერ ლინევებერი ხელმძღვანელობდა. საზეიმო ღონისძიებას გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დოქტ. პატრიცია ფლორიც დაესწრო, რომელიც საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. უერთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის 1983 წლის ივნისში გაფორმდა; მას შემდეგ რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ორ ქალაქს შორის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ვაჟა ოკუჯავამ და ზაარლანდის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა პაულ მიულერმა მოაწერეს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პარტნიორობის პროგრამის ფაგრლებში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, ლექცია-სემინარების ჩატარებას და სხვა ერთობლივ ღონისძიებებს. 1991 წლიდან მოყოლებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ზაარლანდის უნივერსიტეტში სასწავლებლად 300-მდე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი იქნა მივლენილი. წელს სამეცნიერო თანამშრომლობამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ორი უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივი აკადემიური პროგრამების მინიჭებასა და ზაარლანდში სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობის გაზრდაზე შეთანხმდა.