2014-03-18

მიხეილ ქურდიანის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენათმეცნიერისა და ლიტერატურათმცოდნის, თსუ-ის ყოფილი პროფესორის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მწერლის მიხეილ ქურდიანის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, სხვა უწყებების, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ქურდიანი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა, მან მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. უნივერსიტეტს ყოველთვის ახსოვს მისი გამორჩეული შვილები. მიხეილ ქურდიანი აქტიურად მონაწილეობდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში. ის თანამედროვე უნივერსიტეტის სახე იყო,“- განაცხადა თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
საიუბილეო საღამოზე მიხეილ ქურდიანის ოჯახს თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი გადასცა, რომელიც მიხეილ ქურდიანს ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის 10 თებერვალს მიანიჭა.
„ბედნიერი ვიქნებოდი მიშა ამ იუბილეს ცოცხალი რომ შეხვედროდა. დღევანდელი საღამო ცხადყოფს, რომ მიშა არ მომკვდარა. მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახსოვს მიშა ქურდიანი. ამისათვის დიდი მადლობა უნივერსიტეტს,“- აღნიშნა მიხეილ ქურდიანის მეუღლემ სოფიო ლობჟანიძემ.
მიხეილ ქურდიანის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართა მისი ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველი ფილმის _ ,,როცა კაცს უყვარს...” (ავტორი: ჟურნალისტი ნინო კაკულია) ჩვენება. ღონისძიების ბოლოს მოეწყო მიხეილ ქურდიანის ლექსების, პოემებისა და წერილების ახალი კრებულის _ ,,მარადიული სრბოლის ხმაურში” პრეზენტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე