თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის, ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
ნანა გაფრინდაშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი
ზვიად გაბისონია ესწრებოდნენ.
კონკურსის შედეგად შერჩეულმა მონაწილეებმა უცხოეთიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია), საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან (თსუ; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმ. ანდრია პირველწოდების სახელობის ქართული უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სკოლებიდან (ქ. რუსთავის #13 საჯარო სკოლა; თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია) 6 დღის განმავლობაში მოისმინეს თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ლექციები.
„უკვე მეოთხედ გაიმართა ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა, რომელმაც ტრადიციული ხასიათი მიიღო და დიდი შემართებით უძღვება ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ჩამოსულნი არიან ქართველოლოგიით დაინტერესებული საზოგადოება, მათ მოისმინეს ლექციათა საინტერესო ციკლი, რომელსაც უძღვებოდნენ ცნობილი მეცნიერები და მკვლევრები: ლევან გიგინეიშვილი, ზაზა შათირიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ლევან გორდეზიანი და სხვა “ - განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
„მეორედ ვმონაწილეობდი ზამთრის ქართველოლოგიურ სკოლაში. წელსაც ძალიან მომეწონა სკოლის პროგრამა. აქტიურად დავესწარი ლექციებს და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იყო ძალიან საინტერესო. ჩემი დისერტაციის თემაა ქართული პოსტსაბჭოთა პერიოდის კინემატოგრაფია. ლექციები, რომლებიც იმართება ქართულ ენაზე ძალიან მეხმარება ენის შესწავლაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ელგუჯასა და ყველა ორგანიზატორს“, - აღნიშნა ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტის დოქტორანტმა
მიხაელა კრეიჩოვამ.
პროექტის ხელმძღვანელია თსუ პროფესორი
ელგუჯა ხინთიბიძე, მისი განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს ინტერესის გაღვივებას ქართველოლოგიაში, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საზოგადოებისთვის: „დღეს საერთაშორისო ქართველოლოგიური ზამთრის სკოლის დახურვაა, რომელიც უკვე ოთხი წელია ტარდება ჩვენს უნივერსიტეტში, რომლის ორგანიზატორი და წამომწყები არის ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია. ეს პროექტი მიზნად ისახავს ქართველოლოგიური ინტერესის გაღვივებასა და ასე ვთქვათ გამოცოცხლებას ჩვენი ქვეყნის სტუდენტთა და მოსწავლეთა შორის. ბოლო ორი წელია საერთაშორისო პროექტად ვაქციეთ და მასში მონაწილეობას იღებენ უცხოეთიდან, ზოგჯერ ემიგრანტები, ზოგჯერ ქართველოლოგიით დაინტერესებული უცხოელი ახალგაზრდობაც“ .
დასკვნით ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის შედეგები, გაიმართა მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორები „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციამ“ დააჯილდოვა, ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით. პროექტი ხორციელდება „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და თსუ სტუდენტური პროექტების გრანტის დაფინანსებით.