ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-01

თსუ-ში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დანიშვნის საკითხის განხილვა დაიწყო. საბჭოს სხდომაზე ახალი აკადემიური საბჭოს არჩევაზეც ისაუბრეს.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებთან დაკავშირებით აკადემიურ საბჭოს ტექნიკური დეტალები დარჩა გასარკვევი, რომელსაც ხვალინდელ სხდომაზე გადაწყვეტენ: „რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი ჯერ არ გადაწყვეტილა. არჩევნები ჩატარდება აპრილში აუცილებლად, მაგრამ არის რაღაც ტექნიკური მომენტები დასაზუსტებელი და ამისთვის აკადემიური საბჭო კიდევ შეიკრიბება. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, რომ დროში არ გაიწელოს ეს პროცედურა. კანონი განსაზღვრავს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ აკადემიური და სამეცნიერო პესრონალის იმ წევრებმა, ვისაც აქვს დოქტორის ხარისხი. აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანცლერის ახალი კანდიდატურის შერჩევა განახორციელოს აკადემიური საბჭოს ახალმა შემადგენლობამ, კანცლერი უნდა შეირჩეს 30 მაისიდან 3 ივნისამდე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი საქმიანობას 1 მაისიდან შეუდგება, ხოლო აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა 15 მაისიდან.“
აკადემიურ საბჭო შეხვდა სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს. „აუდიტორია 115“-ის წევრის სანდრო ტაბატაძის განცხადებით, „აკადემიურმა საბჭომ გაიზიარა სტუდენტთა პოზიცია. 1 მაისს რექტორს ვლადიმერ პაპავას შეუწყდება უფლებამოსილება, მანამდე აირჩევა რექტორის მოვალეობის შემსულებელი. არსებული აკადემიური საბჭო 15 მაისს გადადგება, რადგან მანამდე არსებული წესით აირჩევა გარდამავალი აკადემიური საბჭო, რომელიც ჩაატარებს კანცლერის არჩევნებს“.
აკადემიურ საბჭო ასევე შეხვდა პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს. პროფესორ დიანა ძიძიგურის განმარტებით, ,, თსუ კანცლერს აირჩევს ახალი აკადემიური საბჭო, რომელსაც კანცლერის არჩევნებამდე აირჩევენ. ამასთან, აკადემიური საბჭოს წევრები ვალდებულნი გახდებიან წელიწადში ერთხელ ანგარიში ჩააბარონ ფაკულტეტს.“

Print

« იხ. ყველა სიახლე