2019-06-03
იოანე ზიზიულასის ბოლო ნაშრომის „თანაზიარება და სხვადყოფნა“ წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ბოლო ნაშრომის „თანაზიარება და სხვადყოფნა“ ახალი ნარკვევები პიროვნულობასა და ეკლესიაზე“ წარდგენა გაიმართა. პროექტი, რომელიც მოიცავს თარგმანს და მასზე ინფორმაციის გავრცელებას დაფინანსდა ამერიკის მთავრობის მიერ, ინდივიდუალური გრანტით. თარგმანი შეასრულეს თამარ გოგუაძემ და გურამ ჯაშმა. პროექტს ახორციელებს თსუ ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტი მამა გიორგი წეროძე.
მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის პირველი წიგნი „ყოფიერება როგორც თანაზიარება” (Being as Communion) გახდა ყველაზე ციტირებადი თეოლოგიური ნაშრომი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში.
წიგნის შინაარსი შეეხება ქრისტიანულ სწავლებას ღმერთზე, ადამიანზე, სამყაროზე, მასში ასევე საუბარია ეკლესიის დანიშნულებაზე. ავტორის თქმით: „რაც კი ავლენს პიროვნულობის ნიშანს, ის უკვე ყოველგვარი ეთიკური, მორალური და მით უმეტეს სხვა კატეგორიების შეფასების მიუხედავად იმსახურებს უდიდეს სიყვარულს და მოფრთხილებას“.
წიგნში განხილული საკითხები ეხება არა მხოლოდ თეორიულ არამედ ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკულ მხარესაც.
სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში დღემდე არ არის თეოლოგიისთვის ისეთი ძირითადი მიმართულების ქართულენოვანი წიგნი, როგორიცაა დოგმატური ღვთისმეტყველება. თარგმნილია მხოლოდ გასული საუკუნის რუსი ღვთისმეტყველების წიგნები, მაგრამ არ გვხვდება ევროპელი ავტორების ნაშრომები. საქართველოში, ჩვენი დროის რელიგიურ მსოფლმხედველობას აკლია ანალიტიკური, ღრმა, ფილოსოფიური მსჯელობები. შესაბამისად დაინტერესებული ადამიანი მოკლებულია აკადემიური ინფორმაციის მიღების საშუალებას ქართულ ენაზე და ამის გამო გამართული, თანამედროვე ფიოლსოფიურ-თეოლოგიური აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც.
ზიზიულასის წიგნში საკითხები საფუძვლიანად, არგუმენტირებულად არის განხილული და ყველანაირი მსჯელობა დამყარებულია კლასიკოსი ქრისტიანი მოძღვრების ნაშრომებზე. წარმოდგენილი თარგმანი პროფესიულად დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს მშობლირ ენაზე გაიცნონ და გამოიყენონ ქრისტიანული მოძღვრების ყველაზე ზუსტი და მაღალი აკადემიური დონის ნაშრომი, რომელზეც შეხვედრისას გაიმართა მსჯელობა. მასზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
« იხ. ყველა სიახლე