2019-10-24

საერთაშორისო კონფერენცია: "ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში"

მეცნიერები კანადის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, სომხეთისა და საქართველოს  უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ  საერთაშორისო კონფერენციაში „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 

თსუ პროფესორის ქეთევან ხუციშვილის  თქმით, „კონფერენციის მიზანია, საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული მკვლევრებისთვის შეიქმნას გარკვეული სივრცე ცოდნის გაზიარების, იდეების გაცვლისა და სხვადასხვა სახის  თანამშრომლობისთვის.“  

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კონფერენცია იკვლევს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ქვეყანაში, მათ მდგომარეობას, თანაარსებობას,  ურთიერთობასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო  და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციები. ღონისძიება  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება. ,,თემა ინტერკულტურული დიალოგი საქართველოში მცხოვრებთათვის   განსაკუთრებით აქტუალურია და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დროულია და მართებულია ასეთი შინაარსის ღონისძიების გამართვა,“- განაცხადა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ.

საერთაშორისო კონფერენცია "ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში" 26 ოქტომბერს დასრულდება.


Print

« იხ. ყველა სიახლე