ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-18

თსუ-მ ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია დააწესა

18 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 73-ე წლისთავზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ , ივანე ჯავახიშვილის შთამომავლებმა, სტუდენტებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიებაზე თსუ რექტომა ვლადიმერ პაპავამ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დაწესებაზეც ისაუბრა: „სწორედ ამ დღეს უნივერსიტეტში ლექციის კითხვის დროს გარდაიცვალა დიდი ქართველი  მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი. დღეს მადლიერმა შთამომავლობამ მისი საფლავი გვირგვინით შევამკეთ. მინდა გავავრცელო ინფორმაცია იმ სერიოზული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უნივერსიტეტმა მიიღო და რომელიც კიდევ ერთხელ უკვდავყოფს ამ სასიქადულო მამულიშვილის სახელს: ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტმა უცხოელი მეცნიერებისთვის დააწესა საერთაშორისო პრემია.  გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის დაბადების თვეს - აპრილში,  ყოველწლიურად გაიმართება დიდი სამეცნიერო ფორუმი, რომელიც მის ხსოვნას მიეძღვნება.“
„უნივერსიტეტმა საინტერესო ინიციატივით აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღე - დაწესდა ჯავახიშვილის სახელობის  საერთაშორისო პრემია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველოლოგიისადმი დაინტერესება გაიზრდება, ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის პოპულარიზაციას. ეს მიმართულება ყოველთვის ძლიერი იყო თსუ-ში. ივანე ჯავახიშვილის დიდი დამსახურებაა ის, რომ მან საფუძველი ჩაუყარა არა მარტო ქართველოლოგიის მიმართულების დიდ სკოლას, არამედ ყველა იმ დარგს, რომელიც უნივერსიტეტში ისწავლება,“- აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის შთამომავალმა გიორგი ჯავახიშვილმა.

აკადემიური საბჭოს დადგენილება


Print

« იხ. ყველა სიახლე