2010-04-24
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთის სამსუნის 19 მაისის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ორი უმაღლესი სასწავლებლის რექტორებმა გიორგი ხუბუამ და ჰუსეინ აკანმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც თსუ-ის სტუდენტებს სამსუნის უნივერსიტეტში სწავლისა და პრაქტიკის გავლის საშუალება ექნებათ. ამჟამად თსუ-ის თურქოლოგიის მიმართულებაზე 130 სტუდენტი სწავლობს. ხელშეკრულების თანახმად, თურქეთიდან მოწვეული ცნობილი პროფესორები თბილისში ლექციების ინტერდისციპლინარულ კურსს წაიკითხავენ, მათ შორის თურქული ენის, ისტორიის, სოციოლოგიის, კულტუროლოგიის და ეკონომიკის განხრით. ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სამსუნის უნივერსიტეტში ერთობლივი პროგრამით შედგენილი კურსი გაიარონ. ამასთან, თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებსა და რეზიდენტებს სამსუნის უნივერსიტეტთან არსებულ საერთაშორისო სტანდარტების კლინიკაში პრაქტიკის გავლისა და სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება.
სამსუნის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საპასუხო ვიზიტი გასულ წელს თსუ-ის რექტორის გიორგი ხუბუას თურქეთში ვიზიტისას დაიგეგმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე