წლის საუკეთესო მიღწევები იყო წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ღონისძიება სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების მიერ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობების წარმოსაჩენად, განათლების სამინისტროს გაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ურთიერთდაკავშირებისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით გაიმართა.
„ძალიან საინტერესო თემებია წარმოდგენილი და იმედია, რომ ეს თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო იქნება, როგორც მეცნიერებისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც დაკავშირებულია მეცნიერებასა და განვითარებასთან. კარგია, რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ხელს უწყობს დიალოგს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის, მეცნიერებასა და ეკონომიკის სექტორს შორის,“- განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე 15-მა ორგანიზაციამ ბოლოდროინდელი სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინა. ერთ სივრცეში გაერთიანებული იყო სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რითაც, შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. აღნიშნული პროექტების საფუძველზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეადგენს ელექტრონულ ჟურნალს, სადაც განთავსდება ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.