ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-26

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები თსუ-ში

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამოფენა „თსუ 1921 წლის თებერვალ-მარტში“ გაიხსნა და თსუ პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის წიგნის - „უნივერსიტეტი  1921 წლის თებერვალში“ შედგა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო, ვიდეო და ფონო  დოკუმენტური მასალა, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ქართველი იუნკრებისა და უნივერსიტეტელთა ბრძოლას ასახავს. წიგნში კი იმდროინდელ საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით გადმოცემულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრება 1921 წლის იანვარ-მარტში. მასში მოთხრობილია თებერვალ-მარტის ომში უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის და სამშობლოს დასაცავად მათ მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „25 თებერვალი საქართველოსთვის ისტორიული და ტრაგიკული დღეა. ამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა.  დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უნივერსიტეტმა თავისი სიტყვა თქვა. საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა ქართველი სტუდენტობა და პროფესურა. დღეს უნივერსიტეტში გავიხსენეთ ოკუპაციის პერიოდი. აუცილებელია, რომ საქართველოში ყოველთვის აღინიშნოს 25 თებერვალი, რადგან ეს არის შეხსენება მომავალი თაობისთვის, რათა მსგავსი რამ არ გამეორდეს.“
„თსუ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენაზე - საბჭოთა ოკუპაციაზე. ცნობილია, რომ მაშინ უნივერსიტეტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ივანე ჯავახიშვილმა პირდაპირ მოუწოდა სტუდენტებს იარაღით ხელში დაეცვათ ქვეყანა. ექსპოზიციაზე ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალებთან ერთად წარმოდგენილია მემორიალური ნივთებიც. ნაჩვენებია, თუ როგორ მონაწილეობდა უნივერსიტეტი წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში,“-აღნიშნა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.
გამოფენის ორგანიზატორია თსუ მუზეუმი. ექსპოზიციაში წარმოდგენილია  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული დოკუმენტური მასალა.
თსუ პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის თქმით, წიგნი „უნივერსიტეტი  1921 წლის თებერვალში“ ეძღვნება თსუ-ს ცხოვრებას პირველი სამი თვის განმავლობაში: „ნაშრომში აღწერილია 1921 წლის ორი უკანასკნელი მშვიდობიანი თვე - როგორ ემზადებოდა უნივერსიტეტი დაარსებიდან 3 წლის იუბილეს აღსანიშნავად; როგორ იგეგმებოდა ახალი ფაკულტეტის - იურიდიული ფაკულტეტის გახსნა; როგორ მონაწილეობდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები თებერვალ-მარტის მოვლენებში; თბილისის დატოვების შემდეგ როგორ გაყვა სტუდენტთა ნაწილი ქართულ ჯარს და როგორ იბრძოდა ბათუმში; როგორ სურდათ ქართული უნივერსიტეტის რუსული უნივერსიტეტით ჩანაცვლება, მაგრამ იმის გამო, რომ მაშინ ოკუპანტებს საქართველოში მყარად არ ჰქონდათ ფეხი მოკიდებული, ეს გეგმა ვერ განხორციელდა.“
უნივერსიტეტის სტუდენტები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებად ეწერებოდნენ. მათ შორის იყვნენ სტუდენტი ქალებიც, რომლებიც მოწყალების დებად ირიცხებოდნენ. მოწყალების დებს ფრონტიდან დაჭრილების გამოყვანა და მკურნალობა ევალებოდათ. მოხალისეთა შორის იყო უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილიც.
თბილისისთვის გამართულ ბრძოლებში უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი დაიღუპა; დღეისათვის ოთხი მათგანის გვარია ცნობილი: მარო მაყაშვილთან ერთად დაიღუპა სტუდენტი პავლე (პალიკო) ბეშკენაძე. თბილისის დაცვას ემსხვერპლნენ ნიკოლოზ (კოლია) კალანდარიშვილი და გიო (გიორგი) გამყრელიძე.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სტუდენტების გარდა უნივერსიტეტის პროფესორები და მათი ოჯახის წევრებიც იბრძოდნენ. პროფესორ გიორგი გეხტმანის შვილი, იუნკერი გაბრიელ გეხტმანი, თბილისის დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლებში 25 თებერვალს დაიღუპა.
        

Print

« იხ. ყველა სიახლე