დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გასაანალიზებლად ფრანგი და სამხრეთ კავკასიელი მეცნიერების მიერ შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის წევრებმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ჟენევიევ ფიორასო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი რადიკ მარტიროსიანი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„გეომეცნიერებებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების: საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის თანამშრომლობას. კავკასია ერთი რეგიონია და ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევისწავლოთ აქ მიმდინარე გეოლოგიური პრობლემები. მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი არის თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელშიც სამი კავკასიური სახელმწიფოს გარდა უკრაინელებიც ჩერთვებიან. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი კეთდება ფრანგული მხარის მონაწილეობით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ კვლევები ერთობლივად იქნება წარმოებული.“
„საერთაშორისო კვლევებში ჩართვა და კვლევების ინტერნაციონალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს ჩვენ დაგვეხმარება კვლევებში ევროპული სტანდარტების მიღწევაში. მივესალმებით მხარეთა მზაობას იმისათვის, რომ ჩაერთონ ერთობლივ კვლევებში. ქართული მხარე ამ პროექტის რეალური მხარდამჭერია. ვულოცავ თსუ-ს და ყველა მხარეს, ვინც ჩართულია ამ მნიშვნელოვან პროექტში და ვუსურვებ წარმატებებს განახლებული პროგრამის ფარგლებში,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
თამარ სანიკიძემ.
„დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ განახლდეს ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობას კავკასიის სამ ქვეყანას და საფრანგეთს შორის. შეთანხმება შეეხება კვლევებს და თანამშრომლობას გეომეცნიერებების სფეროში, რაც გულისხმობს ტექტონიკურ და სეისმურ კვლევებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ამასთან, საფრანგეთში 400-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს. ჩვენ გვსურს, რომ გაფართოვდეს სტუდენტთა მობილობა და უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართველ სტუდენტებს,“- განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით
ჟენევიევ ფიორასომ.
სამეცნიერო ჯგუფი (GDRI) - „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- 2010 წელს შეიქმნა. პირველი პროექტი 2010-2014 წლებში განხორციელდა, რამაც პროექტის პარტნიორებს შორის მჭიდრო სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. პროექტის პარტნიორები არიან: ნიცა-სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), სომხეთის გეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (სომხეთი), სომხეთის დედამიწის სეისმოლოგიური და ფიზიკური ასოციაცია (სომხეთი) და სხვა.
კვლევითი ჯგუფის განახლებული პროექტი ხელს შეუწყობს დედამიწის მეცნიერებების საკითხებზე მომუშავე მკვლევართა თანამშრომლობას საფრანგეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ახალი პარტნიორის სახით- უკრაინიდან.
განსაკუთრებული სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე მეორე ეტაპის (2014-2017 წწ.) განმავლობაში აქცენტი გაკეთდება ბუნებრივ რესურსებსა და სეისმურ რისკებზე.
GDRI წარმოადგენს იდეალურ ფორმას თანამშრომლობისთვის, რადგან იძლევა ინფორმაციის გაზიარების, ვორქშოფების ორგანიზების, მკვლევართა და სტუდენტთა გაცვლის საშუალებას. ამავ დროს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, შესაძლებელია სამეცნიერო აქტივობების განხორციელება „მარკო პოლოს პროგრამის“ და ერაზმუს მუნდუსის პროექტის ფარგლებში.