ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შვიდ უნივერსიტეტსა და ორ ბიზნეს-ასოციაციას შორის
„პარტნიორობის ინიციატივა“ გაფორმდა.
დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის პროგრამის - ტემპუსის (TEMPUS) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ (CASEDE) - ფარგლებში და მისი მიზანია სტუდენტთა კარიერული სერვისის მნიშვნელობის აღიარება, ამ საკითხთან დაკავშირებული პრიორიტეტების გაზიარება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ასევე, ნიადაგის შექმნას ამ სფეროში სამომავლო თანამშრომლობისთვის როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
„პროექტის მიზანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა. მსგავსი ტიპის პროგრამები არის მისასალმებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნივერსიტეტების მონაწილეობა იქნება წარმატებული“,-აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
„ჩვენ გვსურს საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციები, კარიერული მომსახურების განვითარების ცენტრი და ასევე ბიზნეს-ასოციაციები გავაერთიანოთ და ამ პროექტის დახმარებით ხელი შევუწყოთ ჩვენს პარტნიორებს მოამზადონ სტუდენტების კარიერული განვითარების პროგრამა. ეს არის პირველი ინიციატივა და გვინდა ჩავრთოთ უფრო მეტი ორგანიზაცია,“-განაცხადა პროექტის „პარტნიორობის ინიციატივის“ კოორდინატორმა
იოლანტა ვაიკიუნაიტემ.
უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის
ნუგზარ ჩიტაიას თქმით,
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დგას ახალგაზრდობის და განათლების სისტემის წინაშე ეს არის კვალიფიციური და მაღალი ხარისხის განათლება. მნიშვნელოვანია სტუდენტთა დასაქმების პრობლემაც და დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ საკითხს ეხმიანება. ეს პროექტი ყველა სტუდენტისთვის წარმატებული იქნება“.
„სტუდენტები სწავლის გარდა, უნდა მოემზადონ ასევე შრომის ბაზრისთვის. სტუდენტთა კარიერული მომსახურების ცენტრების ამოცანა იქნება ხელი შეუწყოს სტუდენტებში კარიერული უნარების განვითარებას. თსუ-ში ასეთი ცენტრი უკვე შექმნილია და იმედი გვაქვს, სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც გაიზიარებენ ამ გამოცდილებას“,-განაცხადა საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორმა
ლიკა ღლონტმა.
„პარტნიორობის ინიციატივას“ ხელი მოაწერეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. დოკუმენტს ხელს მოაწერა აგრეთვე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ.
CASEDE - „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრების შექმნისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობისთვის. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), ესექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი). ამდენად, ეს პროექტი ქართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებისა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა. პროექტი ქმნის ქართული უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.