ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა მეცამეტე საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენცია. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან 700-მდე პედაგოგი ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენცია ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება. ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულების ფუძემდებელი ცნობილი ქართველი მეცნიერი შალვა ამონაშვილია. საკმაოდ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე საკმაოდ ბევრი სპეციალისტი ჩამოვიდა.“
„თსუ-ში ტარდება ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის მეცამეტე კონფერენცია სახელწოდებით „მასწავლებელი“. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ტარდება საქართველოში. ეს ძალიან საინტერესო ფორუმია, რომელიც ეძღვნება იმ მიმდინარეობას, რომელსაც საქართველოში გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი. შალვა ამონაშვილის პირველი ექსპერიმენტები თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში იწყებოდა. ამ მიმართულებამ შემდგომ ისე გაითქვა სახელი, რომ ათეულობით ათასი მიმდევარი გაუჩნდა პოსტსაბჭოთა სივრცეში; განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინასა და ყაზახეთში,“- აღნიშნა ჰუმანური პედაგოგიკის საერთშორისო ცენტრის პრეზიდენტმა
პაატა ამონაშვილმა.
ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კითხვები 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო პრეზიდენტია აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი. კონფერენცია საქართველოში წელს პირველად გაიმართება და მასში 17 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.