2013-12-18

„საქართველოს მყინვარები“ - ფოტოგამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ დოქტორანტის ლევან ტიელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა „საქართველოს მყინვარები“ გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მყინვარების პეიზაჟები, რომელიც გადაღებულია ლევან ტიელიძის მიერ, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული ექსპედიციების განმავლობაში; აგრეთვე  ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი XIX საუკუნის საქართველოს მყინვარების უნიკალური ფოტოები, რომელიც ცნობილი იტალიელი მოგზაურის - ვიტორიო სელას მიერ არის გადაღებული; ასევე XX საუკუნის ოცდაათიან წლებში გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ გადაღებული მყინვარების ფოტოები. გამოფენაზე დამთვალიერებელს  გლობალური დათბობის შედეგად მყინვარზე წარმოქმნილი ცვლილებების დაფიქსირების საშუალება ჰქონდა.
  „ეს არის ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, სადაც  წარმოდგენილია 40-მდე ნამუშევარი. ფოტოები  გადაღებულია  გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ სხვადასხვა ექსპედიციებში სხვადასხვა წლებში.  ასეთი შინაარსის გამოფენა საქართველოში ჯერ არ ყოფილა“,- განაცხადა თსუ დოქტორანტმა ლევან ტიელიძემ.
„თსუ მუზეუმი საკმაოდ საინტერესო გამოფენას მასპინძლობს, წარმოდგენილია კავკასიონის  მყინვარები.  გამოფენილი მასალა საინტერესოა იმ თვალსაზრისით,  რომ  წარმოდგენილია ფოტოები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ეს გახლავთ ცნობილი იტალიელი მოგზაურის  ვიტორიო სელას მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია კავკასიონის მყინვარები 19-ე საუკუნის  30-იან წლბში. ეს ფოტოები დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს შეადაროს თუ როგორ გამოიყურებოდა კავკასიონი მე-19 საუკუნეში და როგორ გამოიყურება დღეს“,- აღნიშნა თსუ მუზეუმის  წარმომადგენელმა ალექსანდრე მარუაშვილმა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ,,ექსპედიციები კავკასიონის მყინვარებზე’’, რომელშიც ასახული იყო სხვადასხვა წლების საველე სამუშაოები კავკასიონის ზოგიერთ მყინვარზე.
გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 95 და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და ერთ კვირას გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე