ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-05

შეხვედრა ტარიელ ხარხელაურთან 93-ე აუდიტორიაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ. ტარიელ ხარხელაურმა წაიკითხა ლექსები, მოიგონა უნივერსიტეტსა და ლიტერატურულ წრეში გატარებული წლები. შეხვედრაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს თსუ სტუდენტებმა, ახალგაზრდა პოეტებმა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ სტუდენტური თვითმმართველობა და ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“. 

ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები.  ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. უნივერსიტეტში ბევრი გამოჩნდა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა. მათ შორის იყვნენ ომიდან დაბრუნებულებიც, ვისაც ჯერ კიდევ ფარაჯა ეცვა და სკოლადამთავრებულებიც, ვინც თვლიდა, რომ მათი მოწოდება მწერლობა იყო. ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი.

თავდაპირველად, წრე დიდი არ იყო, სხდომებს ხალხიც ცოტა ესწრებოდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა მწერალთა წრე ძალიან პოპულარული გახდა. მუშაობის ერთადერთი ფორმა მაშინ წრის სხდომაზე წევრთა ნაწერების კითხვა-განხილვა იყო. შემდგომ, მუშაობა ისე გაცხოველდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივაც უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა ,,პირველი სხივი’’, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. რექტორ ნიკო კეცხოველის სპეციალური ბრძანებაც კი გამოიცა, რომლის თანახმად, 1951 წლის 24 დეკემბრიდან უნივერსიტეტელ მწერალთა გაერთიანებას ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე’’ ეწოდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ ,,პირველი სხივის’’ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა. 2018 წელს თსუ-ში აღდგა ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“, რომლის პირველი სტუმარი პოეტი დათო მაღრაძე იყო.



Print

« იხ. ყველა სიახლე