2009-04-15

14 აპრილს, დედაენის დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინგილოდან ჩამოსული ბავშვები დააჯილდოვა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ბელაქანის, ზაქათალასა და კახის რაიონების თორმეტ ქართულენოვან სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მეექვსედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. მათ შორის გამოვლინდნენ საუკეთესო ქართული ლექსის, მოთხრობის, თავისუფალი თემისა და სხვა სახის ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორები.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, მერაბ ჩუხუამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა; საინგილოდან ჩამოსულ მოსწავლეებს შეხვდა თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა. გიორგი ხუბუამ სტუმრებს მიულოცა დედა ენის დღე, კონკურსში გამარჯვებულებს სამომავლო წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მალე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იხილავს როგორც სტუდენტებს. თსუ-ის რექტორმა აგრეთვე ისაუბრა საინგილოში ქართული ენის შენარჩუნების აუცილებლობაზე, მით უმეტეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის არავითარი გაურკვევლობა არ არსებობს. შეხვედრის დასასრულს, კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა თსუ-ის რექტორმაც.
Print

« იხ. ყველა სიახლე