2019-04-02

პროექტის - „კავკასიურ ენათა სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ განხილვა

  1 აპრილს  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შედგა პროექტის - „კავკასიურ ენათა სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონის“ განხილვა. პროექტი წარადგინა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემ. 
პროექტი, სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტრა და ინტერინსტიტუციურია. ლექსიკონის შექმნა დაკავშირებულია ქართველთა და სხვა ავტოქთონი ეთნოსების გენეზისთან და, ასევე, ამ სამეცნიერო პრობლემის ემპირიული მასალის მიხედვით გადაჭრასთან; საქართველოში ეტიმოლოგიური ლექსიკონი XX საუკუნის ბოლოსთვის მაინც უნდა შექმნილიყო, რაც  არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო ვერ  განხორციელდა.  
„პროექტი შედგება სამი საფეხურისაგან. იბერიულ-კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური სალექსიკონო ერთეულების პროგრამული უზრუნველყოფა დაკავშირებულია ქართულ-ქართველურ ლექსიკურ ერთეულებთან. პროგრამული უზრუნველყოფა სრულყოფილი ვერ იქნება, თუ საკუთრივ ქართული ენის ეტიმოლოგიურ ერთეულებს ქართველურ და იბერიულ-კავკასიურ სათანადო მასალასთან მიმართებით არ განვიხილავთ. ამის შესაბამისად, ქართველთა ლინგვოკულტუროლოგიური ეთნოგენეზი სხვა კავკასიელთა და ასევე პალეოკავკასიურ ლინგვოკულტუროლოგიურ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. სამუშაო ეტაპები სამ ნაწილად იყოფა: ქართული,  ქართველური და იბერიულ-კავკასიური; ლექსიკონი იყოფა ორ ნაწილად: ინდექსი და  ეტიმოლოგია. პროექტი ინოვაციურია, რადგან პრინციპულად განსხვავდება მსოფლიოში დღემდე არსებული ეტიმოლოგიური ლექსიკონებისაგან, საძიებო სისტემით სამი ენის,  ინდექსის, პარამეტრების მიხედვით. პროექტი  შეფასდა ათასწლეულის გამოწვევად ქართული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით  რთული გეოპოლიტიკური არეალისა და დღეს არსებული ვითარების გამო. პროექტი სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რადგან საქართველო არის კავკასიოლოგიის  საერთაშორისოდ აღიარებული ცენტრი და აღნიშნული ამოცანის გადაჭრა მისი პრეროგატივა და უპირველესი მოვალეობაა; პროქტს აქვს სამეცნიერო და, ამავდროულად, პრაქტიკული მნიშვნელობა. ეს არის ქართველი ერის  „პასპორტი“ ცივილიზებულ სამყაროში“, - განაცხადა პროფესორმა ცირა ბარამიძემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, მეცნიერები. გაიმართა მსჯელობა პროექტის განსახორციელებლად ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე. კომიტეტის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა პროექტის სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა პროექტის მხარდასაჭრად.

Print

« იხ. ყველა სიახლე