2010-03-17

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  17 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ქადაგიძე სტუდენტებს საინტერესო თემაზე _ წარმატებული კარიერის დაგეგმვაზე ესაუბრა. მისი თქმით განათლება წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა. “კარიერის აწყობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, საჭიროა სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი უნარების გამოვლენა. ახალგაზრდამ პროფესიის შერჩევისას კარგად უნდა გათვალოს საკუთარი ნაბიჯები და არჩევანი. ფუნდამენტური განათლების შემდეგ საჭიროა სამთვიანი სპეცკურსი გაიაროს, რათა გახდეს ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალისტი. ნებისმიერი ინფორმაციის წაკითხვისას უნდა შეძლოს სტრიქონებს შორის კითხვა, რადგან ახალგაზრდამ არა ვაკანსიების ლინკზე უნდა ეძებოს სამსახური, არამედ განსაზღვროს, ამა თუ იმ ორგანიზაციაში ხვალ რომელი სპეციალისტი დასჭირდებათ და სწორედ მასზე უნდა გააკეთოს არჩევანი. ნუ გამოეკიდებით ხელფასს ერთი ან ორი წლის განმავლობაში. მთავარია, ეს დრო განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას მოანდომოთ, რათა მომავალში მაღალანაზღაურებად სპეციალისტად იქცეთ", - აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.  
     საუბრის ბოლოს გიორგი ქადაგიძემ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტების კითხვებს უპასუხა და განუმარტა, თუ რატომ შემცირდება ახლო მომავალში ქართულ ბანკებში სამოქალაქო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, როგორ რეგულირდება ლარის კურსი, საქართველოს ფინანსური ბაზრის რამდენ პროცენტს შეადგენს ბანკები, რამდენია ქვეყანაში ლარის მთლიანი მასა და ემუქრება თუ არა ქართულ ვალუტას მტკივნეული რყევები.
     ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და სტუდენტების შეხვედრას დაესწრო თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა. სწორედ თსუ-სა და ეროვნულ ბანკს შორის 5 მარტს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სამთვიანი სტაჟირება ეროვნულ ბანკში. ქადაგიძის თქმით, სტაჟირების დროს გამოვლენილ წარმატებულ სტუდენტებს ეროვნულ ბანკში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე