2010-03-30

სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით

„საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“  - აღნიშნულ თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  NDI-ის ოფისში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები მსჯელობდნენ.
სტუდენტებთან შეხვედრა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის  “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში განხორციელდა.
NDI-ს ოფისში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებსა და მის შედეგებზე მოხსენებით საქართველოში NDI-ს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო წარსდგა.
“საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ორმხრივად დადებითი პროცესია, პირველ რიგში ეს არის ტესტი ხელისუფლებისთვის, თუ რამდენად სასარგებლო კომპრომისებზე წავა იგი, რათა არჩევნების ჩატარების პროცესი უფრო გამჭირვალე და სრულყოფილი გახდეს, მეორეს მხრივ ეს არის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მისი აზრის გათვალისწინება. თუ რა შედეგები გამოიღო შეხვედრებმა, ამას უახლოეს მომავალში ჩატარებული მერისა და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე შევიტყობთ“, - აღნიშნა შეხვედრისას საქართველოში NDI-ს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორცილედება, სტუდენტები მიიღებენ სრულ ინფორმაციას საარჩევნო კოდექსზე მუშაობის შესახებ და შესაძლებლობა ექნებათ დისკუსია გამართონ მომხსენებლებთან“, – განაცხადა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.
“გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი” აღნიშნულ პროექტს 2010 წლის მარტიდან აპრილის თვის ჩათვლით განახორციელებს.
პროექტის მიზანია მოახლოებულ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით სტუდენტების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; საარჩევნო პროცესებში ჩართული ქართველი და უცხოელი ექსპერტები, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ღია ლექციებისა და შეხვედრების მოწყობით, ასევე არჩევნების მონიტორინგის პროცესში მათი უშუალო ჩართვის გზით, ახალგაზრდებთან საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესს შეაჯამებენ.
მომხსენებლები წარმოადგენენ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიმართ თავის დამოკიდებულებას, მოლაპარაკებების შედეგებზე საკუთარ ხედვას, რა დადებითი შედეგები მოყვა ამ მოლაპარაკებებს, რა საკითხეებზე მოხდა პოზიციათა შეჯერება და რა დარჩა შეუთანხმებელ საკითხებად.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში აპრილის თვეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე