ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-20

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვასილ გონაშვილის ინფორმაციით, „უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა საარჩევნო სამართლის პრინციპების სრული დაცვით. მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლინება. ასევე მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი ნების ფარულობა და საარჩევნო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები. არ შემოსულა არცერთი საჩივარი.   1311 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 967 ამომრჩეველმა. კენჭისყრაში მონაწილეთა 54,3%-მა (526 ხმა) მხარი დაუჭირა დარეჯან თვალთვაძეს, ლევან გორდეზიანმა მიიღო ხმათა 24,4% (236 ხმა), ცირა ბარამიძემ 11% (107 ხმა), გიორგი ანდრიაძემ 4%(39 ხმა). 59 ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო.“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა, როგორც დამკვირვებელმა, მაღალი შეფასება მისცა უნივერსიტეტში გამართულ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს. მისი თქმით, უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი იყო არჩევნების დემოკრატიულად, გამჭვირვალედ ჩატარების შეასაძლებლობა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თსუ ყოფილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა დარეჯან თვალთვაძეს და აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით, რაც დააფიქსირეს დამკვირვებლებმაც. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ხვალიდან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დღის წესრიგში არაერთი რთული ამოცანა დგას.  „დღევანდელი დღე არის ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებული. განსაკუთრებული, რადგანაც დღეს არ იყო უბრალოდ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა. დღეს პირველად ჩვენს უნივერსიტეტში, და სრულიად საქართველოში, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლება მიეცა 1300-ზე მეტ ამომრჩეველს. ეს ძალიან მასშტაბური არჩევნებია და უნივერსიტეტმა აჩვენა რომ მას შესწევს უნარი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვითარებას გაუმკლავდეს ისე, როგორც შეშვენის ივანე ჯავახიშვილის და მისი დიდი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტს.“
 „მჯერა, რომ უნივერსიტეტის პროფესურა, ჩვენს სტუდენტებთან ერთად, ყველანი ერთად ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ იმისთვის რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს.  ამისთვის საჭიროა, რომ უნივერსიტეტს ჰყავდეს ლეგიტიმური მმართველი ორგანოები -  ეს არის მისი აკადემიური საბჭო, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო, ეს არის კანცლერი, რომლის არჩევნები ძალიან მალე ჩატარდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რისთვისაც უნივერსიტეტს მოვალეობის შემსრულებელი აირჩია - მოვამზადოთ და ღირსეულად ჩავატაროთ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ჩემს მთავარ ამოცანას სწორედ ამაში ვხედავ.“- განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.
 დარეჯან თვალთვაძე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სტუდენტებს გაესაუბრა. როგორც მან სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115“ და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს განუცხადა, მისი მთავარი ამოცანა, უნივერსიტეტში სასწავლო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მართვის ორგანოების არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფაა, რაშიც მას სტუდენტების და პროფესურის მხარდაჭერა ესაჭიროება. უახლოეს დღეებში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
დარეჯან თვალთვაძე რექტორის მოვალეობის შესრულებას 21 აპრილიდან შეუდგება.
30 მარტს თსუ აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადება გადადგომის შესახებ. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართა და  მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებმა, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე