2010-03-04

სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე კიოლნის უნივერსიტეტის პრორექტორს ანგელიკა ნუსბერგერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
       ანგელიკა ნუსბერგერი აღმოსავლეთ ევროპის სამართლის სპეციალისტი, ვენეციის კომისიის წევრი, ტალიავინის კომისიის დასკვნითი ნაწილის თანაავტორი და ცნობილი წიგნის "პუტინის სისტემა. მართული დემოკრატია და პოლიტიზირებული მართლმსაჯულება" ავტორია. წიგნმა დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის მხოლოდ ერთი თავი ითარგმნა რუსულად, სახელისუფლებო წრეებში მას მწვავე რეაქცია მოჰყვა. წიგნი "პუტინის სისტემა" რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციალური განხილვის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა წევრმა, რომელთაც საკუთარი დადებითი აზრი გამოთქვეს ნუსბერგერის წიგნზე, თანამდებობა დატოვა. ხოლო თავად რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზორკინმა ორი სტატია დაწერა, სადაც გაკიცხა ავტორები.
       "ელცინის დროინდელ რუსეთს განვითარების გეზი დასავლეთისკენ ჰქონდა აღებული, თუმცა მმართველობაში პუტინის მოსვლის შემდეგ, რუსულმა პოლიტელიტამ ეს კურსი შეცვალა და "საკუთარ რუსულ გზას" დაადგა. თუ რას ნიშნავს ეს გზა, ძნელი სათქმელია. რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი აშენებენ დემოკრატიას. თუმცა, დემოკრატიის გაგება დასავლეთსა და რუსეთში სხვადასხვანაირია. რუსეთს დღეს მართავს სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ემორჩილება, ასე რომ დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეეხება ოპოზიციას: რუსეთში პოლიტიკური ოპოზიცია არ არის იმდენად ძლიერი, რომ რაიმე ცვლილებების განხორციელება მოახერხოს. საკმაოდ ძლიერია მეორე სახის ოპოზიცია _ სოციალური ოპოზიცია. საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო პენსიონერები, მუშები, უმუშევრები აწყობენ საპროტესტო აქციებს, თუმცა, ეს აქციები არაორგანიზებული და სპონტანურია", _ აცხადებს ნუსბერგერი.  მისი თქმით, "რუსეთი საბჭოთა კავშირის ერთი ნაწილია. მათ საერთო იდეოლოგია აქვთ. რუსი პოლიტიკოსები არ შეცვლილან. ისინი საბჭოთა კავშირის დონეზე დარჩნენ, რადგან მათ აქვთ კომუნისტური დროის ნოსტალგია. საბჭოთა პროკურატურა და სასამართლო სისტემა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსული ახალი ძალა. ამიტომ ძველმა აჯობა ახალს".
       თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივესრიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის საშუალებით ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ევროპული განათლება საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიოლნის სამაგისტრო პროგრამას უკვე მესამე წელია ახორციელებს. 2010 წელს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში 13 სტუდენტი ჩაირიცხა. ორი უმაღლესი სასწავლებლის ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სწავლის, სამეცნიერო სტაჟირებისა და კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ხელმძღვანელობით სამაგისტრო ნაშრომის შესრულების მიზნით მაგისტრანტების მივლინება გერმანიაში.   კურსდამთავრებულები კიოლნის მაგისტრის დიპლომს მიიღებენ.
       კიოლნის უნივერსიტეტი 1388 წლის 21 მაისს დაარსდა. სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეისათვის სტუდენტების რაოდენობის მიხედვით გერმანიაში მესამე ადგილზეა.
       პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი დაესწრო. სტუმრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ უმასპინძლა.
Print

« იხ. ყველა სიახლე