ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-09

„მედიაცია და არბიტრაჟი – ეროვნული და გლობალური გამოწვევები”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკრედიტებული საერთაშორისო კონფერენცია „მედიაცია და არბიტრაჟი – ეროვნული და გლობალური გამოწვევები“ გაიხსნა.
კონფერენცია თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით იმართება.
„კონფერენციაზე მოხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი საკითხები მედიაციასა და არბიტრაჟში. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ქრთველი სპეციალისტები სხვადასხვა სამსახურებიდან, ასევე უცხოელი ექსპერტები, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები,“- აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
ჰიმლაინის უნივერსიტეტის პროფესორის მაიკლ ცურის განცხადებით,  მედიაცია ერთ-ერთი განვითარებადი სფეროა მსოფლიოში და ეს კონფერენცია ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დავების ალტერნატიულ გადაწყვეტაზე,  მედიაციის და არბიტრაჟის ძირითადი ტენდენციების და მიღწევების მიმოხილვას საერთაშორისო დონეზე.  
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის,  მოსამართლე ლაშა კალანდაძის თქმით, ქართულ რეალობაში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება - არბიტრაჟი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, მისივე განცხადებით, დღითიდღე ინერგება დავების ალტერნატიული გადაწყვეტის კიდევ ერთი საშუალება - მედიაცია, რომელიც მხარეებს საშუალებას  აძლევს მესამე,  ნეიტრალური პირის დახმარებით, თავად მოაგვარონ და მოაწესრიგონ დავები. “მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრები და კონფერენციები, რომელიც უნივერსიტეტში იმართება, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ ორი ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ისინი შესაბამის ადგილს დაიკავებენ დავების მოგვარების თვალსაზრისით,“- განაცხადა  ლაშა კალანდაძემ.
საერთაშორისო კონფერენციაზე „მედიაცია და არბიტრაჟი – ეროვნული და გლობალური გამოწვევები“ მოხსენებები წაიკითხეს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროს უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე