2015-11-30
ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში: ქალთა ჩაგვრის მანიფესტაციები და საპასუხო წინააღმდეგობა
1 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტის და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება მე-7 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში: ქალთა ჩაგვრის მანიფესტაციები და საპასუხო წინააღმდეგობა.კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება. კონფერენცია საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკლევრებს წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, როგორც ქალთა ჩაგვრის სხვადასხვა მანიფესტაციებზე, ასევე მასზე საპასუხოდ წარმოქმნილ ახალ სოციალურ მოძრაობებზე. დიდი ხნის განმავლობაში ქალთა საკითხი მიიჩნეოდა, პირად და ინტიმურ პრობლემად. ფემინისტების თვალსაზრისით “პირადი” გამოცდილება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ ის მჩაგვრელი სისტემით არის განპირობებული და სტრუქტურული და სისტემური ხასიათისაა. ჩაგვრის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ექსპლუატაცია, გარიყვა, უძლურება, ძალადობა და კულტურული იმპერიალიზმი, ხშირად ერთმანეთს გადაკვეთს და წარმოშობს ჩაგვრის კომპლექსურ ფორმას. სოციალური უსამართლობა წარმოშობს ძლიერ იმპულსებს საპასუხო წინააღმდეგობისთვის, სოციალური მოძრაობებებისა თუ ცალკეულ პიროვნებათა აქტივიზმის სახით, კონფერენციის იდეაა, წარმოაჩინოს ურთიერთქმედება ჩაგვრასა და მისდამი წინააღმდეგობას შორის.
კონფერენციის ენა: ქართული
მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე