2010-08-17

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესორი ნუგზარ სურგულაძე დანიშნა

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესორი ნუგზარ სურგულაძე დანიშნა

17 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე დანიშნა. ნუგზარ სურგულაძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
“ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რაც კარგი გაკეთებულა იმას მოვუაროთ და ამ სამი თვის განმავლობაში დანარჩენი გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით პროფესორ-მასწავლებლების მდგომარეობა. ასევე ჩვენი მიზანია მოვემზადოთ არჩევნებისათვის და დემოკრატიულად ჩავატაროთ იგი. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი მაქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულება ჩემთვის დიდი პატივია და უზარმაზარი პასუხისმგებლობა”, - აღნიშნა რექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურგულაძემ.
ნუგზარ სურგულაძის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ სამ კანდიდატს შორის შეარჩია. პრორექტორმა ირინე დარჩიამ აცილება მისცა საკუთარ კანდიდატურას. აკადემიურმა საბჭომ არჩევანი დარჩენილ ორ კანდიდატს – ნუგზარ სურგულაძესა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს კახაბერ ლორიას შორის გააკეთა.
“აკადემიურმა საბჭომ თითქმის ერთხმად აირჩია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი ნუგზარ სურგულაძე. მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც მოვალეობის შემსრულებელი შეირჩა იყო ის, რომ ბატონი ნუგზარი არის მაღალი რანგის მეცნიერი, რომელიც მრავალმხრივ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა”, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს აკადემიური საბჭოს წევრმა გიორგი დავითაშვილმა.
პროფესორი ნუგზარ სურგულაძე რექტორის მოვალეობას ახალი რექტორის არჩევამდე შეასრულებს.



 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
 მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე