2018-03-15

“საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”

ცხადდება პოსტდოქტორანტის ვაკანსია ფოლკსვაგენის ფონდის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში “საერთაშორისო სადოქტორო  პროგრამა მათემატიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”.

პოსტდოქტორანტმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაო:

1.აწარმოოს სამეცნიერო კვლევა მათემატიკაში ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით: ალგებრული ტოპოლოგია და ჰომოლოგიური ალგებრა, ფურიეს ანალიზი, კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების თეორია და რიცხვითი ანალიზი, სტოხასტური ანალიზი და ფინანსური მათემატიკა.
2.გაუკეთოს ორგანიზება ღონისძიებებს დოქტორანტებისთვის და/ან მათთან ერთად, როგორიცაა ერთობლივი სემინარი, რეგულარული შეხვედრები მათემატიკური საკითხების განსახილველად და ა.შ. ღონისძიებების ნუსხა უნდა შეთანხმდეს პროგრამის ხელმძღვანელებთან ყოველი სემესტრის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა, ხოლო 2018 წელს ხელშეკრულების  გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში.
3.დაეხმაროს პროგრამის ხელმძღვანელებს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში.
4.ასისტირება გაუწიოს პროფესორს სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტის ფარგლებში.
5.შეიმუშაოს სასწავლო კურსი, რომელიც საინტერესო და სასარგებლო იქნება განსხვავებული ინტერესების მქონე დოქტორანტებისთვის. სასწავლო კურსი შეთანხმებული უნდა იქნეს პროგრამის ხელმძღვანელებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში. 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩაატაროს სასწავლო კურსი (კვირაში არანაკლებ 2 სთ). გადაწყვეტილება დოქტორანტის მიერ სასწავლო კურსის ჩატარების შესახებ მიიღება პროგრამის ხელმძღვანელების მიერ.
6. პროგრამის ხელმძღვანელებს განსახილველად წარუდგოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ ექვს თვეში ერთხელ.

პოსტდოქტორანტად დასაქმების უფლება აქვს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირს, თუ პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყებისას იგი არის არაუმეტეს 35 წლის და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი.

პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა თსუ XI კორპუსის #304 ოთახში 2018 წლის 29-30 მარტს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2.აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.ავტობიოგრაფია (CV, ინგლისურ ენაზე);
4.გამოქვეყნებული შრომების სია;
5.უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
6.კვლევითი პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით, ინგლისურ ენაზე);
7.სამოქმედო გეგმა დოქტორანტების მონაწილეობით ჩასატარებელ ღონისძიებებთან და სასწავლო კურსთან მიმართებაში (ინგლისურ ენაზე);
8.სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველთან შეიძლება ჩატარდეს გასაუბრება.

Print

« იხ. ყველა სიახლე