2017-09-12

საერთაშორისო კონფერენცია "მედეა მსოფლიო კულტურაში"

17-20 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას "მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში", რომელიც ეძღვნება ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს.

კონფერენციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი მეცნიერი ხუთი კონტინენტის ცამეტი ქვეყნიდან (საქართველო,საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ლიტვა, აშშ, ავსტრალია, ბრაზილია, რუსეთი).

კონფერენციის პარალელურად ტარდება ოთხი გამოფენა:  „ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები“, „მედეა ქართულ მხატვრობაში“, ფოტოგამოფენა „მედეა ქართულ სცენაზე“, 20 წლის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  მიმართულებით გამოცემული წიგნების გამოფენა.

გამოფენა „მედეა ქართულ მხატვრობაში“ წარმოგვიდგენს ცნობილი ქართველი მხატვრების, მოქანდაკეებისა და კერამიკოსების მედეას თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. გამოიფინება მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ბერძენიშვილის, გია ბუღაძის, ანტონ ბალანჩივაძის, მარიკა იზორიას, ნინო ზაალიშვილის, ანა მღებრიშვილის, კახაბერ ტატიშვილის, გურანდა ქლიბაძის, გიორგი შხვაცაბაიას, გია ჯაფარიძის ნამუშევრები.

მოქანდაკე გია ჯაფარიძემ ამ კონფერენციისთვის შექმნა მედეას ქანდაკება, ხოლო გიორგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე ბალეტმა ასევე საგანგებოდ აღადგინა გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურა (კომპოზიტორი: ი. კეჭაყმაძე).

პროგრამა


Print

« იხ. ყველა სიახლე