2014-05-19
კონფერენცია -"საქართველოს სოფელი მოდერნიზაციის კონტექსტში: სოციალურ-კულტურული და ეთნოდემოგრაფიული პრობლემები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია -
"საქართველოს სოფელი მოდერნიზაციის კონტექსტში: სოციალურ-კულტურული და ეთნოდემოგრაფიული პრობლემები"
2014 წლის 13-14 ნოემბერი
ეთნოლოგიის ერთ-ერთი კარდინალური საკითხი თანამედროვეობის შესწავლაა. ქართული სოფელი დღეს დიდ კრიზისს განიცდის. მოსახლეობა მასობრივად ემიგრირებულია დედაქალაქსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მიწების დიდი ნაწილი დასამუშავებელია, თითქმის მოიშალა საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული სასოფლო-სამეურნეო ტრადიციები. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს სოფლებს სიცოცხლე დაუბრუნოს, მაგრამ რაც გაკეთდა ჯერ კიდევ საკმარისი არაა. საჭიროა ხელისუფლებას მეცნიერები (ეთნოლოგები, დემოგრაფები, გეოგრაფები, ეკონომისტები...) დაეხმარონ. მეცნიერული შესწავლის გარეშე ქართული სოფლის პრობლემების მოგვარება წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერებს, უნივერსიტეტს დაქვემდებარებულ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქებში მოღვაწე მკვლევარებს ამ საკითხის მეცნიერულად შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი შეუძლიათ შეიტანონ. ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ატარებს ადგილობრივ/რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: "საქართველოს სოფელი მოდერნიზაციის კონტექსტში: სოციალურ-კულტურული და ეთნოდემოგრაფიული პრობლემები".
კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 13-14 ნოემბერს. კონფერენციაზე წასაკითხ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წინასწარ წარმოდგენილი ერთგვერდიანი თეზისების საფუძველზე. თეზისების წარმოდგენა უნდა მოხდეს ა. წ. 1 სექტემბრამდე.
კონფერენციაზე დაშვების შემთხვევაში მომხსენებელი მიიღებს წერილობით შეტყობინებას ელექტრონული მისამართით. კონფერენციაზე დაშვებული მოხსენების სრული ტექსტი 5-7 გვერდის მოცულობით საორგანიზაციო კომიტეტს უნდა გადაეგზავნოს 15 სექტებრამდე. განზრახულია მოხსენების ტექსტების დაბეჭვდა კრებულის სახით. ამიტომ მოხსენების ტექსტი უნდა აკმაყოფილებდეს სამეცნიერო სტატიისათვის წაყენებულ ყველა თანამედროვე მოთხოვნილებას.
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს შრიფტით - AcadNusx, ფონტი 12. დამოწმებული ლიტერატურა - სტატიის ბოლოს ანბანური რიგით. ტექსტში მიეთითება ავტორის გვარი, გამოცემის წელი და გვერდი ჩვეულებრივ ფრჩხილებში (მაგალითი: მაკალათია 1983: 61. სტატიის ბოლოს ასე: მაკალათია 1983 - მაკალათია ს. თუშეთი, თბ., 1983). უცხოენოვანი ლიტერატურის მითითებისას ფრჩხილებში ავტორის გვარს მიუთითებთ ქათულად. დამოწმებულ ლიტერატურაში კი ასე - ვოლკოვა 1974 - Волкова Н. Г. Этнический состав населения Северного Кавказа в XVIII –начале XX века. М., 1974.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი: თსუ, VIII კორპუსი, კაბინეტი 204 - ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
საკონფერენციო მასალები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: roland.topchishvili@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე