ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-17

ახალგაზრდა არქეოლოგთა X საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 2018 წლის 24 მაისიდან 29 მაისამდე ვარძიის XII-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსში გაიმართება პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა რიგით X საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის მსვლელობის დროს, გარდა მოხსენებებისა, გაიმართება დისკუსიები არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ, დაისახება სამეცნიერო პრობლემათა გადაწყვეტის გზები. 

ვარძიის კონფერენცია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის უნივრსტეტებში. გასულ წელს თსუ-მ კონფერენციაზე უმასპინძლა 10 ქვეყნის 19 ინსტიტუციას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ვარშავის, ედინბურგის, ინსბრუკის, ოქსფორდის, ლაიდენის, დურჰამის, კა’ფოსკარის, სტამბოლის, მოსკოვის, ტიუმენის, ურალისა და სერბეთის უნივერსიტეტებმა, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმმა, დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა, სომხეთის მეცნიერთა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა. მანამდე თავისი ინდივიდუალური კველევების შედგები წარმოადგინეს ანკარის, თეირანის, მელბურნის, პენსილვანიის, შეფილდის, ბოლონიისა და სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

წარმოდგენილი მოხსენებები ემყარებოდა ახალგაზრდა მონაწილეთა ინდივიდუალურ, გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევებს ნეოლითიდან მოყოლებული გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. განხილული იყო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური  კვლევის საკითხები. ყველა მოხსენებას აფასებენ მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრები: თსუ-ს, ოქსფორდის, იენის, ინსბრუკის, ედინბურგისა და ვენეციის უნივერსტეტების პროფესორები.

ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.

Print

« იხ. ყველა სიახლე