თსუ-ს სოციალური მუშაობის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები ვთვლით, რომ მიმდინარე სტუდენტურ პროტესტს უნდა მიექცეს სერიოზული ყურადღება და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტმა მის წინაშე მდგარი, როგორც აკადემიური, ისე მართვასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა იმათისა, რომლებიც განათლების სახელმწიფო პოლიტიკის პრეროგატივაა), უნდა გადაწყვიტოს ავტონომიურ რეჟიმში. ამასთან, ყველა თანამდებობის პირი, რომელთა რეპუტაციაც კითხვებს და ეჭვებს ბადებს სტუდენტებს და პროფესორებს შორის, არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი უნივერსიტეტის მმართველობაში მანამ, სანამ ყველა კითხვას დამაჯერებელი და ობიექტური პასუხი არ გაეცემა. მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოჩნდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არსებული ინსტიტუციური მოწყობა არ უზრუნველყოფს სტუდენტებში თანამონაწილეობის და სამართლიანობის განცდას. რეალურად მივიღეთ გახლეჩილი სტუდენტური ჯგუფები. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ერთ-ერთ გზად გვესახება სტუდენტური თვითმმართველობის ძირეული რეფორმა.
ჩვენ მზად ვართ, ჩავებათ ნებისმიერ პროცესში, რომელიც მიგვიყვანს უნივერსიტეტში საჭირო რეფორმებამდე ისეთი ავტონომიის მისაღწევად, რომელიც ფართო ლეგიტიმაციით ისარგებლებს. მიგვაჩნია, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აკადემიური სივრცის განვითარებისათვის.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ხვალ, 14 მარტს, იგივე ადგილას, იგივე დროს კონტრაქციის დაანონსების შემდეგ, მდგომარეობის უფრო მეტად დაძაბვის რისკები ჩნდება. შესაბამისად, ახლა უკვე დღის წესრიგში პირველი რიგის საკითხია აქციების მონაწილეთა უსაფრთხოების და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა. მივმართავთ უნივერსიტეტის რექტორს და ადმინისტრაციას, უზრუნველყონ ორივე დაგეგმილი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.
სოციალური მუშაობის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები:
იაგო კაჭკაჭიშვილი, სრული პროფესორი
თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი
სალომე ნამიჭეიშვილი, ასისტენტ პროფესორი
ზურაბ ტატანაშვილი, ასისტენტ პროფესორი
ნელი აკობია, მოწვეული ლექტორი
დარეჯან დვალიშვილი, მოწვეული ლექტორი
ნინო შატბერაშვილი, მოწვეული ლექტორი
მაგული შაღაშვილი, მოწვეული ლექტორი
ია შეყრილაძე, მოწვეული ლექტორი
გიორგი წოწკოლაური, მოწვეული ლექტორი