ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-08-03

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

როგორც იცით, საგანმანათლებლო პროგრამები „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ მოიცავს საგნებს, რომლებიც სხვა საგნების გავლის წინაპირობას წარმოადგენს: თუ რომელიმე საგანში სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, არ აქვს უფლება გაიაროს მომდევნო სემესტრში სხვა საგანი. ეს, ცხადია, ხელს უშლის მომდევნო სემესტრში 30 კრედიტის აღებას.

სტუდენტთა დახმარების მიზნით, თსუ აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემეტრის დაშვების შესახებ, რომელიც, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობას გაძლევთ გაიუმჯობესოთ აკადემიური მოსწრება (მოიპოვოთ მაქსიმუმ 15 კრედიტი) და მინიმუმამდე დაიყვანოთ მომდევნო სემესტრში საგანთა ვერ დარეგისტრირების რისკი.

მიმდინარე სასწავლო წელს, მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის სემესტრი 6 აგვისტოდან - 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, სადაც თქვენ გაგიწევენ კონსულტაციას ზაფხულის სემესტრში საგნების დარეგისტრირებისა და აუცილებელი პროცედურების თაობაზე.

6 აგვისტოს, 10.00 საათზე დაიწყება "ზოგადი ბიოქიმიის" და "გულსისხლძარღვთა სისტემის ჰისტოლოგიის" კურსები (თსუ XI, ე.წ. ბიოლოგების კორპუსში);

15.00 საათზე დაიწყება "ემბრიოლოგიისა და ზოგადი ჰისტოლოგიის"  კურსი (თსუ XI, ე.წ. ბიოლოგების კორპუსში);

იხილეთ ცხრილი 1, ცხრილი 2

დანარჩენი კურსების ცხრილი ზუსტდება სტუდენტებისთვის მაქსიმალურად მოქნილი და მისაღები ცხრილის ორგანიზების მიზნით.

ამასთან, სტუდენტები, რომელთაც ზაფხულის სემესტრის გამოყენების შემდეგაც ექნებათ გასავლელი გარკვეული საგნები, ფაკულტეტის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ წერილობით. ფაკულტეტის ადმინისტრაცია შეეცდება შესაძლებლობის ფარგლებში შესთავაზოს მათ საგნების (კრედიტების) დარეგისტრირებისა და გავლის ოპტიმალური თანმიმდევრობა.


Print

« იხ. ყველა სიახლე