2020-02-25

კონსკურსი „დამიხატე ნეიტრინო“.

ყველას, საქართველოში მცხოვრებთ ასაკის შეუზღუდავად, გიწვევთ KM3NeT  საერთაშორისო თანამშრომლობის (ხმელთაშუა ზღვაში მშენებარე ექსპერიმენტი) მიერ გამოცხადებულ საგანმანათლებლო-სახალისო კონკურსში  „დამიხატე ნეიტრინო“ მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია დღეისათვის ერთ-ერთი აქტუალური სამეცნიერო პრობლემატიკის (ნეიტრინული ფიზიკა და ნეიტრინული ასტროფიზიკა) შესასწავლ კვლევებით საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესება და  სამომავლოდ მათი ჩართულობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები თავისი ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად დახატავენ შესაბამის ნეიტრინოს, კერძოდ:
1) სკოლამდელი და I-IV  კლასები - ელექტრონული ნეიტრინო;
2) V-XII კლასები  -  მიუონური ნეიტრინო;
3) 18 წლის ზემოთ  - ტაუ-ნეიტრინო.

საქართველოში, როგორც თანამშრომლობის წევრ (2018 წლის 21 სექტემბერიდან) ქვეყანაში, ჯერ ჩატარდება კონკურსის პირველი ეტაპი - ღონისძიების ეროვნული  ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში (სამი თითოეულიდან), რომლებიც შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე ეტაპზე.  როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ღონისძიების ვებ-გვერდს.

შესაბამისი ინსტრუქციებისა და წესების წაკითხვის შემდეგ გაგიადვილდებათ „მონაწილეობის ფორმა“-ის შევსება თქვენი ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად და თქვენი ნამუშევრის ატვირთვა იმავე ვებგვერდიდან. 
დაიმახსოვრეთ, ექსპერიმენტის სამეცნიერო საზოგადოებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ფანტაზიითა და გონებით „დანახული“ ეს იდუმალი ნაწილაკი.
გაითვალისწინეთ, ნახატების ატვირთვა ვებგვერდზე შეწყდება 2020 წლის 15 მარტს 18:00 საათზე. ნახატის წარმატებით ატვირთვის შესახებ მიიღებთ დადასტურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ პრობლემის აღმოსაფხვრელად (საკონტაქტო პირი: lali.kharkhelauri@tsu.ge).

ამასთან, ეროვნული კონკურსის ორგანიზატორები გეგმავენ მონაწილეობის მსურველთათვის ლექცია-სემინარებს, 28 თებერვალსა და 2 მარტს, კონკურსის პირობებისა და თემატური მასალის უკეთ გასაცნობად ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, პირველი სასწავლო კორპუსი). აღნიშნულ შეხვედრებზე დასწრება შეზღუდულია ( რეგისტრაცია 22.02, 12:00  –  27.02, 12:00). 

თუმცა, არ ინერვიულოთ თუ ვერ მოახერხებთ ამ შეხვედრებში მონაწილეობას. ჩვენ სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს და დაგეხმარებით ყველა ტექნიკური პრობლემის გადაჭრაში. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ეროვნული კონკურსის საკონტაქტო პირს:  lali.kharkhelauri@tsu.ge

KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობის საგანმანათლებლო-სახალისო კონკურსის „დამიხატე ნეიტრინო“ საქართველოში ეროვნული კონკურსის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი, თსუ „აკადემია ევროპეა“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
Print

« იხ. ყველა სიახლე