25 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის
„კომპიუტერული“ მეცნიერებების“ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცემათ.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საფრანგეთის საელჩოს
წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.
ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა თსუ-ში 2008
წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი
ხარისხის დიპლომი: უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ინფორმატიკის ლისანსის და
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის
დიპლომი. პროგრამა რეგიონული მასშტაბით
(საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი-უკრაინა) ითვალისწინებს სტუდენტთა სწავლის
გაგრძელებას მაგისტრატურაში სწავლის გაღრმავების, სამეცნიერო კვლევითი
ქსელის განვითარებისა და ინფორმატიკის მაღალი ხარისხის დამკვიდრების
მიზნით. საბაკალავრო პროგრამა ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების
პირობით საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ არის
აკრედიტირებული. სწავლებას ქართველი და ფრანგ მასწავლებელთა შერეული გუნდი
ახორციელებს. ლექციები მთავარი, სალექციო და პრაქტიკული კურსებისგან
შედგება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია